FAO საქართველოში

FAO საქართველოს კალიებთან ბრძოლაში დაეხმარება

30/12/2020

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO)  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კალიების გავრცელების საწინააღმდეგო  ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში დაეხმარება.

FAO-ს ერთწლიანი პროექტი „საქართველოში კალიების შემოჭრისადმი მზაობა და საგანგებო სიტუაციაზე რეაგირება“ მავნებლის გავრცელების  არეალში  სასოფლო-სამეურნეო კულტურების  მავნებლისგან დაცვასა  და  მოსავლის გადარჩენას ისახავს მიზნად.  

მიმდინარე წელს, საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში,  კალიების რაოდენობა და გავრცელების არეალი მკვეთრად გაიზარდა. 2020 წლის მონაცემებით, იტალიური და მოროკოული კალიის ექსპანსიამ საქართველოში 72 000 ჰექტარი მოიცვა, მაშინ როდესაც გასულ წლებში, მავნებლის გავრცელების არეალი 20 000 - 30 000 ჰექტარს არ აღემატებოდა.   

„მსოფლიოში არსებული კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, სხვადასხვა მავნებლის რაოდენობის ზრდა აგრარულ სექტორს და ზოგადად, გარემოს  ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს. ჩვენი ამოცანაა მზად ვიყოთ ამ გამოწვევბისთვის. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ახალი პროექტი, რომელიც კალიების გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში მხარდაჭერას  გულისხმობს, ხელს შეუწყობს, სურსათის ეროვნული სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერებას და უზრუნველყოფს  პრევენციული ღონისძიებების დროულად გატარებას, სასოფლო-სამეურნეო კულტურების და მწვანე საფარის განადგურებისგან დაცვას. ეს შესაძლებლობას მოგვცემს თავიდან ავიცილოთ მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზარალი“,- განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

მომავალ წელს,  გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) სურსათის ეროვნულ სააგენტოს მავნებლის გავრცელების პრევენციასა და  ბრძოლის ღონისძიებების  დაგეგმვაში და არსებული  გამოწვევების დაძლევაში დაეხმარება. მხარდაჭერის ღონისძიებები კომპლექსურია და მოიცავს მავნებელთან ბრძოლის რამდენიმე  მიმართულებას: მავნებლის საველე კვლევას; მცენარეთა დამუშავებასა და კონტროლს (40 000 – 50 000 ჰა მიწის ფართობზე); საჭირო დანადგარებისა და მასალების შეძენას; მონიტორინგის  განხორციელებას; გარემოზე შეწამვლითი ღონისძიებების ზემოქმედების ანალიზს. დაგეგმილია საინფორმაციო  სახელმძღვანელოების გავრცელება და სპეციალისტებისთვის შესაბამისი ტრენინგების ჩატარება.

კალიების პოპულაციის მართვისა და პრევენციის მიმართულებით, FAO-ს მსოფლიოს მასშტაბით, ქვეყნებისთვის ტექნიკური  დახმარების 60-წლიანი გამოცდილება აქვს.

„ორგანიზაცია  წამყვან როლს თამაშობს კალიების მენეჯმენტის კოორდინირებაში გლობალურ დონეზე. ჩვენ დიდი ცოდნა გვაქვს ამ მიმართულებით და ვეცდებით, რომ საქართველოს დავეხმაროთ კალიის  გავრცელებით გამოწვეული სასურსათო ზარალი და გარემოსთვის შესაძლო  ზიანი თავიდან ავარიდოთ “, - განაცხადა FAO-ს წარმომადგენელმა საქართველოში რაიმუნდ იელემ.

2011 წლის ოქტომბრიდან, პროექტს „კალიების მართვის გაუმჯობესების პროგრამა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში“ FAO ახორციელებს რეგიონის 10 ქვეყანაში,  მათ შორის  საქართველოში.