FAO საქართველოში

ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტი ვერნერ ჰოიერი: „ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა საქართველოს სოფლის მეურნეობამ”

03/03/2021

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტი, ვერნერ ჰოიერი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ლევან დავითაშვილთან და FAO-ევროკავშირის პროექტების კოორდინატორთან, ხავიერ სანს ალვარესთან ერთად, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზას ესტუმრა.  

ვერნერ ჰოიერმა ჯიღაურაში FAO-ს და ევროკავშირის დახმარებით აშენებული ორი ახალი, უმაღლესი სტანდარტის სათბურ-იზოლატორი მოინახულა. 800 კვ.მ ფართობის საცავებში ხეხილისა და ვაზის უნიკალური ჯიშების გასამრავლებელი მასალა ინახება. ჰოიერი ასევე შეხვდა ადგილობრივ ფერმერებსა და ევროკავშირის მხარდაჭერით მოსარგებლე მწარმოებლებს;   

„ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა საქართველოს სოფლის მეურნეობამ და იმ ადამიანების შემოქმედებითმა მიდგომამ, რომლებიც წარმატებას აღწევენ არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროპულ ბაზარზეც. ევროკავშირი და ევროპის საინვესტიციო ბანკი მხარს უჭერს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებას; ეხმარება ცალკეულ მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს, რომლებსაც საქართველოში პარტნიორი ბანკების ჩართულობით აფინანსებს“, - აღნიშნა ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტმა, ვერნერ ჰოიერმა.


„ევროკავშირის მხარდაჭერით, ჩვენ არაერთ უმნიშვნელოვანეს პროექტსა და რეფორმას ვახორციელებთ. საქართველოსთვის ეს მხარდაჭერა განსაკუთრებულია, რადგან, გარდა იმისა, რომ ხელშესახები პროგრესი და წინსვლა გვაქვს როგორ აგრარული, ისე გარემოსდაცვითი მიმართულებით, ეს მხარდაჭერა ევროპულ ოჯახში გაერთიანების გზაა. საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქცია ევროპის ბაზრებზე საკუთარ ადგილს ეტაპობრივად იკავებს, ჩვენ ვნერგავთ საერთაშორიო სტანდარტებს წარმოებაში და ვქმნით კონკურენტუნარიან პროდუქციას. ჩვენი საკანონმდებლო ბაზა და გარემოს დაცვასთან დაკავშირებული უმნიშვნელოვანესი ღონისძიებები ევროპულ სტანდარტებს უახლოვდება”, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

„ეკრანული სათბურები ხელს შეუწყობს ქართული ენდემური ყურძნის ჯიშების შენარჩუნებას. საქართველო ძალიან მდიდარია ყურძნის ბიომრავალფეროვნებით და მისი სწორი დაცვა კერძო სანერგეებს სერტიფიცირებული ნერგების წარმოების საშუალებას მისცემს. საბოლოო ჯამში, ქართველი ფერმერები ისარგებლებენ სერტიფიცირებული ყურძნის სარგავი მასალის გაუმჯობესებული ხარისხითა და ფიტოსანიტარიული პირობებით, რაც, ამასთანავე, უახლოეს მომავალში მათ ექსპორტის შესაძლებლობებსაც მისცემს,” - განაცხადა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და ევროკავშირის პროექტების კოორდინატორმა, ხავიერ სანს ალვარესმა.


როგორც პროექტის ერთ-ერთმა ბენეფიციარმა, კერძო სანერგე მეურნეობის მფლობელმა, თეა ქუთათელაძემ აღნიშნა, ხარისხიანი ნერგების გარეშე ფერმერებისთვის წარმატების მიღწევა შეუძლებელია. 
ევროკავშირის მიერ საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ: www.eu4georgia.ge