FAO საქართველოში

საინფორმაციო შეხვედრაზე საქართველოში FAO-ს ინიციატივები მიმოიხილეს

05/04/2021

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, ონლაინ შეხვედრაზე, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიმდინარე პროექტების ანგარიშს და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაციას გაეცნო.

გიორგი ხანიშვილმა მადლობა გადაუხადა ორგანიზაციის წარმომადგენლებს წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების კუთხით გაწეული მხარდაჭერისთვის.

„გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორია. ჩვენ, მჭიდრო თანამშრომლობით, დარგისთვის არაერთი საინტერესო და აუცილებელი პროექტი განვახორციელეთ. მოგეხსენებათ, სამინისტრო, ამჟამად, საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების 10 წლიან გეგმაზე მუშაობს,  სადაც მნიშვნელოვანი იქნება FAO -ს ექსპერტული მხარდაჭერა“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

„მოხარული ვარ სამინისტროს გუნდთან ეფექტიანი თანამშრომლობით. ჩვენი საქმიანობა პირდაპირ კავშირშია სახელმწიფოს მიერ გაცხადებულ პრიორიტეტებთან  სოფლის მეურნეობის, სოფლის განვითარების და გარემოს დაცვის კუთხით“,- განაცხადა FAO -ს წარმომადგენელმა საქართველოში, მამუკა მესხმა.

შეხვედრაზე წარმოდგენილი და განხილული იყო FAO-ს მიმდინარე პროექტები საქართველოში: „FAO-ს და ევროკავშირის მხარდაჭერა სოფლის მეურნეობის სექტორს საქართველოში“ (ENPARD III ის ფარგლებში), „ცხოველთა იდენტიფიკაციის, რეგისტრაციისა და მიკვლევადობის ეროვნული სისტემა“ (შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების დაფინანსებით), „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პროექტი“ (ავსტრიის დაფინანსებით),  „ევროკავშირის ინიციატივა კერძოს სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის“ (ევროკავშირის დაფინანსებით) და სხვა ტექნიკური მხარდაჭერის პროექტები.

ონლაინ შეხვედრას  სამინისტროს შესაბამისი უწყებების და სამსახურების წარმომადგენლები და საქართველოში FAO-ს პერსონალი დაესწრო.