FAO საქართველოში

ევროკავშირის და FAO-ს სტაჟირების პროგრამა ახალგაზრდა აგრონომებისთვის

06/04/2021

საქართველოში, სოფლის მეურნეობის განვითარება მჭიდროდაა დაკავშირებული აგრონომების კომპეტენციასთან და პროფესიონალიზმთან. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) პროექტის ფარგლებში, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით, პროგრამა ENPARD III-ის ფარგლებში ხორციელდება, აგრონომიული ფაკულტეტის ექვსი სტუდენტი და კურსდამთავრებული შეირჩა, რომლებიც ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაში ჩაერთნენ, აგრონომიული უნარების გასაუმჯობესებლად.

ახალგაზრდა აგრონომები - აჭარის, იმერეთის, გურიის რეგიონებიდან და თბილისიდან - სტაჟირების პროგრამის მესამე ციკლს შეუერთდნენ, რომელიც სტუდენტებს საშუალებას აძლევს: FAO-ს ადგილობრივ და საერთაშორისო პროფესიონალებთან გაიარონ სწავლება, იმუშაონ ქართველ ფერმერებთან, FAO-ს პროგრამების ბენეფიციარებთან და დააგროვონ მნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოცდილება.

სტაჟირების პროგრამის ახალ მონაწილეებს  FAO-ს ექსტანციის გუნდი ისეთ თემებზე უტარებს სწავლებებს, როგორებიცაა: თანამედროვე კლიმატგონივრული აგრარული მიდგომები, ნიადაგის ანალიზი, მავნებლების ინტეგრირებული მართვა, ჩითილების წარმოება და ტრანსპლანტაცია, ნიადაგის კვება, წვეთოვანი ირიგაცია და ჰერმიციდიული ნიადაგის დამუშავების ტექნოლოგია სიმინდის წარმოებაში. საკლასო ოთახში თეორიული სწავლების პარალელურად, სტაჟიორების ჯგუფი საკმაოდ დიდ დროს ატარებს ველზე, სადაც ისინი ფერმერებთან ერთად მუშაობენ FAO-ს სადემონსტრაციო ნაკვეთებზე. 

მაგალითად, ახმეტის რაიონის სოფელ კოღოტოში შეირჩა სათბური, სადაც ახალგაზრდა აგრონომებს აჩვენებენ, თუ როგორ ხდება წვეთოვანი სარწყავი სისტემის დაყენება; ამასთან, მონაწილეები აიღებენ ნიადაგის სინჯებს ანალიზისათვის, მონაწილეობას მიიღებენ ჩითილების გამოყვანაში და მოახდენენ ამ ყველაფრის დოკუმენტირებას. 

,,უნივერსიტეტში სწავლისას ძალიან მცირე შესაძლებლობა გვქონდა  მონაწილეობა მიგვეღო ფაქტიურ საველე სამუშაოებში და შეგვესრულებინა პრაქტიკული დავალებები. ვფიქრობ, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია ვისწავლოთ უშუალოდ ნიადაგზე მუშაობის პროცესში და ვისწავლოთ ექსპერტებისაგან. ეს ძალიან დამეხმარება მომავალში’’, განაცხადა ანა ჩიქოვანმა, ერთ-ერთმა მონაწილემ. 

სტაჟირების პროგრამა FAO-ს და ევროკავშირის პროექტის ფარგლებში, უკვე სამი წელია მიმდინარეობს და მთლიანობაში 16-მა სტაჟიორმა მიიღო მონაწილეობა. ერთწლიან სწავლება ტრენინგებით იწყებენ და  შემდეგ პრაქტიკული საქმიანობით გრძელდება,სადაც სტაჟიორები ქართველ ფერმერებს თანამედროვე აგრარული მეთოდებისა და საუკეთსო პრაქტიკების დანერგვაში ეხმარებიან. 

“ძალიან მნიშვნელოვანია ახალი მენტალიტეტისა და პროფესიული გამოცდილების მქონე ახალგაზრდები ჩავრთოთ FAO-სა და ევროკავშირის ინიციატივაში, რომელიც გულისხმობს ქართული სოფლის მეურნეობის მდგრად განვითარებას და მეტ ორიენტირებას გარემოს დაცვაზე. იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი სასწავლო პროგრამის მონაწილეები, ველზე ფერმერებთან მუშაობის პარალელურად, ეტაპობრივად დიდ წვლილს შეიტანენ სოფლის მეურნეობის განვითარებაში და ამ დარგის პროდუქტიულობის გაზრდასა და წარმატებაში’’, - განაცხადა ბ-ნმა ალან პინედამ, FAO-ს აგრონომმა და პროფესიული შესაძლებლობების განვითარების სპეციალისტმა.  

ევროკავშირი, მისი პროგრამის ,, ENPARD’’-ის ფარგლებში, დიდ დახმარებას უწევს საქართველოში სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებას. პროგრამა 2013 წლიდან ხორციელდება და მისი მთლიანი ბიუჯეტია 234.5 მილიონი ევრო. ENPARD-ის მიზანია საქართველოს სოფლებში სიღარიბის შემცირება.  პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: www.enpard.ge