FAO საქართველოში

საქართველოში სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღე აღინიშნა

08/06/2021

სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღის აღსანიშნავად, საქართველოს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წლის ანგარიში წარადგინა. ღონისძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილი გახსნა. მინისტრმა ყურადღება მიღწეულ შედეგებსა და გამოწვევებზე გაამახვილა, ამასთანავე, მადლობა გადაუხადა FAO-ს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს საქართველოში, სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფაში შეტანილი წვლილისთვის.

 „გადაჭარბების გარეშე შეგვიძლია ვთქვათ, რომ სურსათის უვნებლობის კუთხით სამინისტრო უწყვეტ რეჟიმში, თანმიმდევრულად მუშაობს  და მნიშვნელოვანი პროგრესიც გვაქვს. რა თქმა უნდა, გამოწვევები ამ სფეროში ჯერ კიდევ რჩება. ერთი ძალიან მნიშვნელოვანი, რაზეც ყურადღება უნდა გავამახვილოთ, არის ის, რომ სურსათის უვნებლობა და უვნებელი სურსათი არ არის მხოლოდ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, ეს არის მთლიანად საზოგადოების, თითოეული მეწარმის, შესაბამისი ასოციაციების პასუხისმგებლობა. უკეთესი შედეგი მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით შეგვიძლია მივიღოთ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ღონისძიებაზე  აღინიშნა, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან საერთაშორისო ორგანიზაციებთან, იზიარებს და ნერგავს მათ მიერ აღიარებულ სტანდარტებს. 2015-2020 წლებში, DCFTA-ის შეთანხმების ფარგლებში, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის მიმართულებით, ევროკავშირის კანონმდებლობასთან 146 სამართლებრივი აქტი დაახლოვდა.

COVID-19-ის პანდემიის პერიოდში, FAO აქტიურად უჭერდა მხარს საქართველოს მთავრობას ინსტიტუციური, საკანონმდებლო და მარეგულირებელი მექანიზმების შექმნისა და დანერგვის კუთხით. როგორც მამუკა მესხმა, საქართველოში FAO-ს წარმომადგენელმა განაცხადა, ორგანიზაცია კვლავაც გააგრძელებს ქვეყნისთვის დახმარების გაწევას, სურსათის უვნებლობის მიმართულებით.

„ბოლო პერიოდში, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა უკეთესი წარმოებისთვის, ჯანსაღი კვების უზრუნველყოფისთვის, გარემოს დაცვისთვის და ადამიანთა ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისთვის. ამ კუთხით, აღსანიშნავია FAO-ს მიერ საქართველოში განხორციელებული პროგრამები, მათ შორის,  ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მიკვლევადობის ეროვნული სისტემის (NAITS) ჩამოყალიბება. ჩვენ მზად ვართ, განვაგრძოთ ქვეყნის მხარდაჭერა ახალი ინიციატივებითა და პროექტებით, რომლებიც, გვჯერა, რომ წვლილს შეიტანენ სურსათის უვნებლობის, გარემოს დაცვისა და ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფაში“, აღნიშნა მამუკა მესხმა.

მიმდინარე წელს სხვადასხვა პროფილის ბიზნესოპერატორებთან 10 650  სახელმწიფო კონტროლი (ინსპექტირება, დოკუმენტური შემოწმება, ზედამხედველობა) განხორციელდა. გამოვლინდა 888 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. მონიტორინგის ფარგლებში აღებულია 656 ნიმუში (ცხოველურ და არაცხოველურ სურსათში ნიმუშების კვლევა ხორციელდება სხვადასხვა პარამეტრზე, მათ შორის: სახეობრივი, აკრძალული ნივთიერებები, მძიმე მეტალები, პესტიციდები, ნარჩენები, ტრანსცხიმები, გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმები,  სალმონელა, ლისტერია).

ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვისა და ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობისთვის, სააგენტოს ვეტერინარებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩაატარეს 1 964 587 ვეტერინარული  მანიპულაცია; იდენტიფიცირებულია 184 774  სული მსხვილფეხა და  წვრილფეხა პირუტყვი; სეზონური გადარეკვისას, გარეგანი პარაზიტების საწინააღმდეგოდ დამუშავდა 327 453 მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი. ფერმერთა ინტერესების დაცვის მიზნით, გააქტიურდა ვეტერინარული და მცენარეთა დაცვის საშუალებების კონტროლი. აქტიურად მიმდინარეობს მცენარეთა დაცვის ღონისძიებები, მათ შორის, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პროცესი.

სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღე 2019 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება გაეროს მიერ. ამ დღეს, ორგანიზაცია ცდილობს მსოფლიოს ყურადღება სასურსათო უსაფრთხოებისკენ, ადამიანთა ჯანმრთელობისა და მდგრადი ეკონომიკური განვითარებისკენ მიმართოს.