FAO საქართველოში

უკეთესი მოსავალი, გარემოს დამზოგავი მეთოდების გამოყენებით - ევროკავშირს და FAO-ს საქართველოში კონსერვაციული სოფლის მეურნეობის პრაქტიკები შემოაქვთ

09/07/2021

ევროკავშირის, FAO-ს და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC) ორგანიზებით, კასპში კონსერვაციული სოფლის მეურნეობის საველე დღე მოეწყო. ღონისძიებაში 50-ზე მეტმა ფერმერმა, ექსტენციის სპეციალისტმა და ექსპერტმა მიიღო მონაწილეობა. ყურადღება გამახვილდა გარემოს დამზოგავ თანამედროვე პრაქტიკებზე, რომელთა მეშვეობით, წარმოების გაუმჯობესებაა შესაძლებელი.

FAO-ს აგრონომებმა შეხვედრაზე მიწის ნულოვანი დამუშავების მეთოდზე ისაუბრეს, რომელიც კონსერვაციული სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი საუკეთესო პრაქტიკაა და, მიწის ტრადიციული დამუშავებისგან განსხვავებით, ნიადაგის ზედა ფენაზე ზემოქმედების გარეშე თესვას გულისხმობს. ღინისძიებაში მონაწილეობის მისაღებად, ფერმერები და მწარმოებლები გორის, ქარელის, საგარეჯოს და გარდაბნის მუნიციპალიტეტებიდან ჩამოვიდნენ. საველე დღის ფარგლებში, მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ, კონსერვაციული სოფლის მეურნეობის მეთოდებით მიღებული შედეგები საკუთარი თვალით ენახათ FAO-ს სადემონსტრაციო ნაკვეთებზე, სადაც ნიადაგის მინიმალური დამუშავებით მოყვანილია ხორბალი, ქერი და შვრია.

ორი წლის წინ, FAO-ს აგრონომებმა, კახეთში, ნიადაგის ნულოვანი დამუშავებით, პირველი სადემონსტრაციო ნაკვეთი მოაწყვეს. გაზრდილი მოსავლისა და წარმატებული სეზონის შედეგად, ფერმერებმა შიდა ქართლშიც გადაწყვიტეს იგივე მეთოდით მარცვლეულის მოყვანა. შედეგად, ევროკავშირისა და FAO-ს დახმარებით, წელს, საქართველოში 250 ჰექტარზე მეტ მიწის ფართობზე დაითესა სასოფლო-სამეურნეო კულტურები, ნიადაგის ნულოვანი დამუშავების მეთოდით. ამ მეთოდის გამოყენებით, ფერმერს ხარჯის 37%-ით შემცირება შეუძლია. საწვავის დანახარჯი კი 2.5-ჯერ ნაკლებია, მიწის ტრადიციულ დამუშავებასთან შედარებით. მნიშვნელოვნად მცირდება სამუშაო ძალის საჭიროება და მიწის დამუშავებისთვის საჭირო დრო. ასევე, ნიადაგი უფრო მეტადაა დაცული ეროზიისგან, ინარჩუნებს მეტ ტენიანობას და მინერალებს.

,,ქართველ ფერმერებს, თანამედროვე მეთოდების გამოყენებით, შეუძლიათ მიიღონ მეტი შემოსავალი სასოფლო-სამეურნეო წარმოებიდან. მარცვლეული კულტურების თესვა მიწის ნულოვანი დამუშავების მეთოდით საქართველოში FAO-მ და ევროკავშირმა შემოიტანეს, ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში. ამ ახალი მეთოდის გამოყენებით, ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ უკეთესი მოსავალი, ნაკლები დანახარჯით. ეს ძალიან მომგებიანია და გვჯერა, რომ მალე, ნულოვანი დამუშავებით თესვა ყველაზე პოპულარულ პრაქტიკად იქცევა საქართველოში. ჩვენ მზად ვართ, ამ მიმართულებით ფერმერებს დახმარება გავუწიოთ“, - განახცადა ხავიერ სანს ალვარესმა, FAO-ს და ევროკავშირის  პროექტების კოორდინატორმა.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან საერთო ბიუჯეტით 234,5 მილიონი ევრო. მისი მიზანია სოფლად ეკონომიკური შესაძლებლობების უზრუნველყოფა და საქართველოში სიღარიბის შემცირება. მეტი ინფორმაცია ENPARD-ის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: www.enpard.ge