FAO საქართველოში

ევროკავშირი და FAO მხარს უჭერენ საქართველოს ციტრუსის სექტორს, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებით

16/08/2021

პროექტის ფარგლებში, სახელწოდებით - „ევროკავშირის ინოვაციური ინიციატივა საქართველოში კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის“ - FAO-მ საქართველოში ციტრუსის წარმოების პოტენციალისა და გამოწვევების შესასწავლად, ციტრუსის საერთაშორისო ექსპერტი, FAO-ს კონსულტანტი, დოქტორ  ისმაილ კარაკა მოიწვია. დოქტორ კარაკა  აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას ეწვია, რეგიონს, სადაც ქვეყნის მაშტაბით ყველაზე დიდი რაოდენობით ხდება ციტრუსის წარმოება. ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო ექსტენციის სპეციალისტებთან და ფერმერებთან ერთად, ექსპერტმა მონაწილეობა მიიღო საველე ვიზიტებსა და შეხვედრებში, განახორციელა მთელი რიგი ტრენინგები.

დოქტორ კარაკამ, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ექსტენციის ჯგუფს გაუზიარა თურქეთში ციტრუსის წარმოების შესახებ მისი გამოცდილება, გააცნო მავნებლების მართვისა და მათთან ბრძოლის ბუნებრივი  საშუალებები.  ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების რამდენიმე სოფელში საველე ვიზიტისას, FAO-ს კონსულტანტმა განახორციელა ციტრუსის პლანტაციების მონიტორინგი, შეისწავლა პლანტაციებში არსებული პარაზიტები და მავნებლები.

ციტრუსის სექტორის შესწავლის საფუძველზე ტრეინინგების თემატიკა განისაზღვრა - მავნებლების ინტეგრირებული მართვისა და კლიმატის ცვლილების ზეგავლენა ბიომრავალფეროვნებასა და სოფლის მეურნეობაზე.  ტრენინგები ასევე ეხებოდა ბიოლოგიური კონტროლის მნიშვნელობასა და  მავნებლების წინააღმდეგ გამოყენებული ქიმიური საშუალებების  საფრთხეებს, რომლებიც მავნებლებთან ერთად ანადგურებენ მავნებლების ბუნებრივ მტრებს და არღვევენ  ეკოლოგიურ ბალანსს პლანტაციებში.

”მავნებლებს ბუნებრივი მტრები ჰყავთ. პარაზიტების პოპულაციის გასაკონტროლებლად,  ქიმიკატების ნაცვლად, შესაძლებელია, ამ ბუნებრივი მტრების  გამოყენება”, - განაცხადა დოქტორ კარაკამ.

FAO, ევროკავშირის მხარდაჭერით,  საუკეთესო სასოფლო-სამეურნეო ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით და ტრეინინგებით მხარს უჭერს საქართველოს მთავრობას სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებაში.

”ამჯერად  ყურადღება გავამახვილეთ  აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებულ ციტრუსის სექტორზე, რომელსაც  აქვს დიდი პოტენციალი რეგიონის სოფლის მეურნეობის წინსვლისა და ფერმერების ეკონომიკური მდგრადობის გაზრდის კუთხით. FAO და ევროკავშირი განაგრძობენ ქართველი ფერმერების მხარდაჭერას სოფლის მეურნეობის სექტორის უფრო მეტი კონკურენტუნარიანობისა და შემოსავლების უზრუნველსაყოფად”, - განაცხადა ხავიერ სანს ალვარესმა, EU-FAO-ს პროექტის კოორდინატორმა.

„ევროკავშირის ინოვაციური ინიციატივა საქართველოში კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის“ არის ევროკავშირისა და გაეროს ოთხი სააგენტოს ერთობლივი პროექტი, რომელიც 2019 წელს დაიწყო  5 მილიონიანი ევროს ბიუჯეტით. პროექტის მიზანია მთავრობისა და ადგილობრივი თვითმართველობების შესაძლებლობების გაძლიერების გზით მეწარმეობის გაღრმავება და ბიზნესის განვითარება სამიზნე კლასტერების განვითარებაში ჩართული ორგანიზაციების მხარდაჭერით უშუალოდ სტრატეგიული ინვესტიციებითა და დიასპორის ჯგუფებთან გაუმჯობესებული კავშირებით, ასევე ბიზნესისთვის ამ სტრატეგიების ეფექტურობის დემონსტირებით.