FAO საქართველოში

FAO-მ ნიადაგის კვლევის და დნმ ლაბორატორიებს 10 000 ევროს ღირებულების ინვენტარი გადასცა

23/09/2021

სოფლისმეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ნიადაგის კვლევის და მოლეკულური მარკირების (დნმ) ლაბორატორიებს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) 10 000 ევროს ღირებულების ინვენტარი გადასცა. ლაბორატორიული ავეჯი, აპარატურა და რეაქტივები ლაბორატორიებს მუშაობის ეფექტურობის გაზრდაში დაეხმარება. FAO-ს წარმომადგენელმა საქართველოში, მამუკა მესხმა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ ნიადაგის კვლევის და დნმ ლაბორატორები დაათვალიერეს და ახლადგადმოცემული აპარატურის სამუშაო სპეციფიკას გაეცნენ.

„FAO სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს მუდმივად უჭერს მხარს ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაში. ამის მაგალითია, რამდენიმე წლის წინ სათესლე მასალების სერტიფიცირების ლაბორატორიის აღჭურვა. დღეს საუკეთესო ლაბორატორიული დანადგარები უკვე ნიადაგის კვლევის ლაბორატორიას გადაეცა, რაც კიდევ უფრო დაეხმარება ცენტრს, კვლევითი საქმიანობა საერთაშორისო სტანდარტს მიუახლოვოს“, -აღნიშნა მამუკა მესხმა. სოფლის მეურნეობის სამეცნიერი-კვლევითი ცენტრის ნიადაგის ლაბორატორია 2018 წლიდან „ნიადაგის ლაბორატორიების გლობალური ქსელის“ (GLOSOLAN) წევრია. 2019 წელს, GLOSOLAN-ის ფარგლებში მოეწყო ლაბორიათაშორისი პროფესიული ტესტირება, სადაც, მსოფლიოს მასშტაბით, ნიადაგის კვლევის 100 ლაბორატორია იყო ჩართული. საქართველოს ნიადაგის კვლევის ლაბორატორია საუკეთესო შედეგების მქონე 21 ლაბორატორიაში მოხვდა, რის შედეგადაც, FAO-ს საგრანტო კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცა და გაიმარჯვა. ალაბორატორიამ საჭირო ინვერტარი სწორედ  FAO-ს საგრანტო პროექტის ფარგლებში მოიპოვა.

„ჩვენი ლაბორატორიები, მათ შორის, განსაკუთრებულად აქტიურად, ნიადაგის კვლევის ლაბორატორია, ჩართული არიან საერთაშორისო პროექტებში; ერთ-ერთი წარმატებაFAO-ს საგრანტო პროექტში გამარჯვებაა. დახმარება, რომელიც გრანტის ფარგლებში მიიღეს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ლაბორატორიებმა, კიდევ მეტად ეფექტიანს გახდის ვალიდურკვლევებს”, - განაცხადა ლევან უჯმაჯურიძემ.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრის პროფესორ ივანე სარიშვილის სახელობის ნიადაგის კვლევის და მოლეკულური მარკირების (დნმ) ლაბორატორიები 2017 წლიდან ფუნქციონირებს. ნიადაგის კვლევის ლაბორატორიაში ნიადაგის სრულყოფილი კვლევა მიმდინარეობს, რომლის საფუძველზეც სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის ნიადაგის შეფასება და მისი ნაყოფიერების დონის განსაზღვრა ხდება. დნმ ლაბორატორიაში, დნმ-ის მარკირების გამოყენებით, ქართული იშვიათი და მცირედ გავრცელებული ვაზის ჯიშების იდენტიფიკაცია და მონაცემთა ბაზის შექმნა, კავკასიური ველური ვაზის შესწავლა და ვაზის კულტივირებულ გენოფონდთან მისი დამოკიდებულების კვლევა ხორციელდება.