FAO საქართველოში

საქართველო მდგრადი აგროტურიზმის განვითარებისკენ მიისწრაფის

16/12/2021

საქართველო მიზნად ისახავს, რომ მომავალ ათწლეულში კავკასიის რუკაზე ყველაზე პოპულარული აგროტურისტული ადგილი გახდეს. ტურისტებისთვის ქვეყანას ამ კუთხით ბევრი საინტერესო შეთავაზება ექნება - ღვინო, სურსათი, კერძების მრავალფეროვნება, ტრადიციები, კულტურული მემკვიდრეობა, გამორჩეული ლანდშაფტი და ბიომრავალფეროვნება, რაც ქვეყნის უნიკალურ გასტროტურისტულ შესაძლებლობებს ქმნის. 

ქვეყანა ტურისტებს ერთდროულად შესთავაზებს ავთენტური ქართული სამზარეულოსა და ღვინის დაგემოვნებას, ბუნებასა და ბიომრავალფეროვნებას, მრავალფეროვან საკვებსა და ტრადიციებს, რაც ქართულ გასტრონომიას ასე უნიკალურს ხდის.

ახალი საგზაო რუკა საქართველოს დახმარებას ისახავს მიზნად, რათა ქვეყანამ აგროტურიზმის განვითარებად ინდუსტრიაში პასუხისმგებლიან, ინკლუზიურ და ეკომეგობრულ ინვესტირებას ხელი შეუწყოს. 

ამ ინიციატივისთვის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) ხდებიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია “ელკანასა“ და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის პარტნიორები.

 

საერთო ხედვა 

ქვეყნის აგროტურიზმის განვითარებისა და მართვის სტრატეგია საქართველოში არ არსებობდა. მთავრობამ აგროტურიზმის შესახებ  კანონპროექტი ცოტა ხნის წინ შეიმუშავა.

სწორედ ამიტომ გახდა მნიშვნელოვანი საგზაო რუკის შედგენა. ინტენსიური სემინარებისა და შეხვედრების შედეგად, გამოიყო ოთხი სტრატეგიული მიმართულება, რომელთა ფოკუსში მოექცნენ: სურსათის მწარმოებლები, სასტუმროები, რესტორნები და აგრობიზნესი.

პირველ რიგში, საგზაო რუკის რეკომენდაციაა მაღალი ხარისხისა და მრავალფეროვანი პროდუქტებისა და სერვისის განვითარება ქვეყანაში, რაც ქართულ აგროტურიზმს უფრო მიმზიდველსა და კონკურენტულს გახდის, ხოლო მის გამოცდილებებს - დასამახსოვრებელს.

საგზაო რუკა მაღალი ხარისხის პროდუქტების მცირემასშტაბიან მწარმოებლებს სხვადასხვა გზას სთავაზობს ახალ ბაზრებამდე, როგორებიცაა ადგილობრივი რესტორნები, კაფეები და სასტუმროები.

ის ასევე მოიცავს რეკომენდაციებს, როგორ დავიცვათ კულტურული მემკვიდრეობა კლიმატის ცვლილებასთან ადაპტირებისა და სურსათის უსაფთხოებისა და ხარისხის სტანდარტების გათვალისწინებით.  

დოკუმენტი ასევე წარმოდგენს რეკომენდაციებს მართვის მექანიზმებზე, რათა ამაღლდეს ცნობიერება აგროტურიზმის, სტანდარტების დანერგვისა და ინკლუზიური განვითარების ღირებულებების შესახებ.

„ნიყვის კომუნის“ დამფუძებლისა და “DMO Imereti - იმერეთის დანიშნულების ადგილების მართვის ორგანიზაციის” პროექტების განვითარების მენეჯერის მარიამ ჟორჟიკაშვილის აზრით, საგზაო რუკამ ერთ მაგიდასთან წარმატებით მოუყარა თავი სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეს, რომლებიც საერთო ხედვაზე შეთანხმდნენ.  

„იმედი გვაქვს, უკეთესი კომუნიკაცია იქნება, განსაკუთრებით, კერძო სექტორსა და მთავრობას შორის და საგზაო რუკა გააუმჯობესებს ადგილობრივი ფერმებისა და აგრობიზნესის მომსახურების ხარისხს, ხელს შეუწყობს მაღალი ხარისხის პროდუქციას და ყველა ჩართული მხარის მასპინძლობის უნარებს გააუმჯობესებს“, - განაცხადა მარიამ ჟორჟიკაშვილმა.

საგზაო რუკის შექმნასთან ერთად, FAO და EBRD ასევე მართავენ ვებინარების სერიას, სადაც აგროტურიზმის ოპერატორებს, დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს უზიარებენ რჩევებს ქვეყანაში მდგრადი აგროტურიზმის განვითარებისა და ხელშეწყობისათვის. განხილულ საკითხებს შორისაა კანონმდებლობა და ინვესტიციები,  ასევე - როგორ წარმოვაჩინოთ ადგილობრივი გასტრონომია და შევქმნათ დასამახსოვრებელი ტურისტული გამოცდილებები.

სამცხე ჯავახეთში უკვე მიმდინარეობს საპილოტე პროექტი, სადაც საგზაო რუკასა და ვებინარზე განხილული ზოგიერთი იდეა უკვე პრაქტიკულად ხორციელდება.

 

რაც საქართველოს გამოარჩევს

ზემოთჩამოთვლილი სამუშოები ეხმიანება EBRD-ისა და FAO-ს ინიციატივას საქართველოში თუშურ გუდის ყველსა და სულგუნზე გეოგრაფიული აღნიშვნების (GIs) შემოღებასთან დაკავშირებით. ასევე შეიქმნა ადგილწარმოშობასთან დაკავშირებული ქართული პროდუქტის კატალოგი.

ამასთან, ორივე ორგანიზაცია ატარებს ექვსი ქართული პროდუქტის ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზს. ესენია:  მეგრული სულგუნი, თუშური გუდის ყველი, ტენილი ყველი; ხორბლის უძველესი და გადაშენების პირას მყოფი სახეობა „წითელი დოლი“; კახური (მზესუმზირის) ზეთი და ტრადიციული წითელი წიწაკის აჯიკა.

მდგრადი აგროტურიზმი არა მხოლოდ ადგილობრივ ეკონომიკას გამოაცოცხლებს და მცირე ბიზნესებს გადაარჩენს. ის ასევე შეინარჩუნებს იმას, რაც საქართველოს გამოარჩევს: მისი გასტრონომიიდან - ბუნებამდე. საბოლოო ჯამში, მდგრადი აგროტურიზმი წვლილს შეიტანს, ქვეყნის მცირემასშტაბიანი მწარმოებლებისა და სოფლის მაცხოვრებლებისთვის განვითარდეს უკეთესი წარმოება, უკეთესი გარემო და უკეთესი ცხოვრება.