FAO საქართველოში

ქართული წითელი ხორბლის პური ტრადიციას და ტურისტულ პოტენციალს აცოცხლებს

04/02/2022

როცა პირველად უძველესი, გადაშენების პირას მყოფი წითელი ხორბლისგან - ახალციხური წითელი დოლისგან - გამომცხვარი პური გასინჯეს საკუთარ პატარა მეურნეობაში, ზაზა ივანიძე და მისი მეუღლე თინათინ ჩილინგარაშვილი ნოსტალგიურ, წარსულის მოგზაურობაში აღმოჩნდნენ:

„თავიდან გავოცდით ამ გემოთი, რომელმაც ბავშვობის მოგონებები აგვიშალა“,  - იხსენებს 40 წლის მცირე მეწარმე ზაზა ივანიძე. „ამასობაში, აღმოვაჩინეთ, რომ ეს პური არა მხოლოდ საკვები ელემენტებით არის მდიდარი, არამედ მისი შენახვა დიდი ხნითაც შეიძლება“. მისივე თქმით, არც არის გასაკვირი, დღეს ბევრს რომ სჯერა, რომ ძველი თაობა უფრო დიდხანს და ჯანმრთელად ცხოვრობდა.

ზაზა ამბობს, რომ მისმა პაპამ, რომელმაც ძველი ტრადიციების მიხედვით ცხობა ასწავლა, 100 წლამდე იცოცხლა. „წითელი დოლის“ ბუნებაც ეს არის - ძლიერი ასაკოვანი წინაპარივით ხანგრძლივი და ჯანსაღი სიცოცხლე კავკასიის სამხრეთ ნაწილში, რომელიც ნაკლებად ნოყიერი ნიადაგით და მძიმე კლიმატით გამოირჩევა.

ათწლეულების წინანდელი ოჯახური რეცეპტით პურის ცხობა განათლებით ეკონომისტი ზაზა ივანიძისთვის ცხოვრებაში ახალი ეტაპის დასაწყისი აღმოჩნდა.

შემდეგი ნაბიჯი 2021-ში გადადგეს, როცა ზაზამ და თინათინმა პატარა საცხობი გახსნეს. ტრადიციულ, შეშის თონეში წითელი ფქვილისა და სხვა რჩეული ინგრედიენტებისგან გამომცხვარი პურისა და ცომეულის ნაირსახეობას ყიდიან. შედეგი ორმაგია - გემრიელიც და სასარგებლოც.

მყიდველების უმრავლესობა ან ფეისბუკზე პოულობს, ან ადგილობრივია, ვინც საცხობს გვერდით ჩაუარა და ასე აღმოაჩინა. თანასოფლელებსა და იმ გამვლელებს, რომლებიც პურის მაცდურ სურნელს გაჰყვებიან და თონესთან აღმოჩნდებიან, საცხობის მფლობელები უფასო დაგემოვნებასაც სთავაზობენ.  

ზაზა ერთ-ერთი იმ ფერმერთაგანია, ვინც FAO-ს საინვესტიციო ცენტრისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ ორგანიზებული ტრენინგების სერიაში მიიღო მონაწილეობა. ამგვარად, ზაზაც შეუერთდა ინციატივას, რომლის მიხედვითაც, საქართველოში პასუხისმგებლიანი, ინკლუზირი და ეკომეგობრული აგროტურიზმი უნდა განვითარდეს.

საქართველოს აქვს ამბიცია, მომავალ ათწლეულში, რეგიონში ერთ-ერთი მოწინავე აგროტურისტული დანიშნულების ადგილი გახდეს. ამის იმედს მას მდიდარი გასტრონომიული ტრადიციები, კულტურული მემკვიდრეობა და განუმეორებელი პეიზაჟები აძლევს.

ამავე მიზნით, FAO და EBRD-ი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და სხვა ადგილობრივ ორგანიზაციებთან პარტნიორობას იწყებენ.  ინიციატივა სხვა ქვეყნებშიც, მაგალითად, მონტენეგროსა და იორდანიაშიც ვრცელდება და სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს, მათ შორის, საჭირო ეროვნული კანონმდებლობის შემოღებასა და ინვესტიციების ხელშეწყობას, რომლებიც ადგილბორივ სამზარეულოს წარმოაჩენს და დასამახსოვრებელ ტურისტულ გამოცდილებებს შექმნის.

საქართველოში აგტროტურიზმის განვითარების საპილოტე პროექტისთვის სამცხე-ჯავახეთი შეირჩა, სადაც ზაზა ივანიძეს საკუთარი მეურნეობა აქვს. სწორედ სამცხე-ჯავახეთის სავიზიტო ბარათებია „წითელი დოლი“ და ტრადიციული ყველი „ტენილი“.  

სტრატეგიული საგზაო რუკა უკვე შემუშავდა. გურმანი ტურისტებისა და ადგილობრივებისთვის ე.წ. „გასტრომარშრუტები“ იგეგმება: სტუმრები საინტერესოდ დაგეგმილ მარშრუტებზე აღმოჩნდებიან, რომლებიც, სხვა პუნქტებთან ერთად, საგანმანათლებლო მეურნეობებსაც მოიცავს.   

ინიციატივის კიდევ ერთი მთავარი მიზანია პროდუქტის ხარისხსა თუ ღირებულებასა და  ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების მნიშვენლობას შორის კავშირების ხაზგასმა. ხორბლის უნიკალური, გადაშენების პირას მყოფი სახეობა „წითელი დოლი“ არა მხოლოდ კვებითი ღირებულებების, არამედ, რეგიონულ ეკოსისტემაში საკუთარი მნიშვნელობითაც ფასობს. მისი ღირებულებების პოპულარიზაციისა და დაცვისათვის კი გრძელი გზაა გასავლელი.

ზაზას მსგავსი სხვა ფერმერბისათვის, ტრადიციული საკვებისადმი მზარდი ინტერესი დიდი ხნის წინ დავიწყებული, ეკომეგობრული წარმოების მეთოდების გაცოცხლებას ნიშნავს. „მიწის დამუშავებისა და დათესვისთვის პაპაჩემი ხარებსა და გუთანს იყენებდა; ხორბლის მოსავალს ხელით იღებდა და ხელითვე ასუფთავებდა, ხოლო მარცვლეულს სოფლის წყლის წისქვილში ფქვავდა. შედეგად, სუფრაზე ახალგამომცხვარი, უგემრიელესი პური გვქონდა ხოლმე“.

იმხანად, მისი და თითქმის ყველა ოჯახი პურს თვითონ აცხობდა. მაგრამ ათწლეულების შემდეგ პურის ყიდვა უფრო მარტივი და იაფი გახდა და ცხობის ტრადიცია ოჯახებმაც ნელ-ნელა დაკარგეს. 

აგროტურიზმის განვითარების მთავარი გასაღები

აგროტურიზმისა და მასში ინვესტირების ხელშეწყობის გეგმის წარმატებას განაპირობებს ის, რომ პროექტი ერთ მაგიდასთან მრავალფეროვან დაინტერესებულ მხარეებს უყრის თავს, რომლებიც საერთო ხედვაზე შეთანხმდებიან, - ამბობს იმერეთის „დანიშნულების ადგილების მართვის ორგანიზაციის” პროექტების განვითარების მენეჯერი მარიამ ჟორჟიკაშვილი. მისი ორგანიზაცია პროექტში ჩართულ ერთ-ერთ ჯგუფს წარმოადგენს.

„იმედი გვაქვს, უკეთესი კომუნიკაცია იქნება, განსაკუთრებით, კერძო სექტორსა და მთავრობას შორის“, - ამბობს ის და აღნიშნავს, რომ აგროტურიზმის საგზაო რუკა გააუმჯობესებს „ადგილობრივი მეურნეობებისა და აგრობიზნესის მომსახურების ხარისხს, ხელს შეუწყობს მაღალი ხარისხის პროდუქციას და ყველა ჩართული მხარის მასპინძლობის უნარებს გააუმჯობესებს“.

ამასობაში, ზაზას და თინათინის პრიორიტეტი მათ პროდუქტზე გაზრდილ მოთხოვნაზე პასუხია. იმის მიუხედავად, რომ საცხობი ბიზნესი მხოლოდ რამდენიმე თვის წინ დაიწყეს, ადგილობრივი მაღაზიებისგან და რესტორნებისგან უკვე სპეციალურ შეკვეთებს იღებენ. სამომავლოდ, მიტანის სერვისის დამატებას და მენიუს გამრავალფეროვნებასაც გეგმავენ ტრადიციული ცომეულითა და ცომისგან დამზადებული ადგილობრივი კერძებით, მაგალითად, თუთმაჯით, მაკარლამათი და თათარბერაგით.  

მათი პროექტი, ისევე როგორც ბევრი სხვა, რომლებიც FAO-სა და EBRD-ის მხარდაჭერით წამოწყებულ ინიციატივაში ჩაერთო, კარგი მაგალითები არიან იმისა, თუ როგორ შეიძლება სასურსათო ტრადიციების გაცოცხლებამ ადგილობრივი ეკონომიკა და მცირე ბიზნესები გამოაცოცხლოს და ქვყენის უნიკალური გასტრონომია, ბიომრავალფეროვნება და ბუნება შეინარჩუნოს.