FAO საქართველოში

სოფლად მცხოვრები ქალები გენდერული თანასწორობის ტრენინგებს ესწრებიან - ევროკავშირის და FAO-ს მხარდაჭერა ფერმერთა საველე სკოლის ფარგლებში

16/03/2022

წალკის მუნიციპალიტეტის 30-ზე მეტმა ქალმა ფერმერმა მიიღო მონაწილეობა FAO-ს მიერ ორგანიზებულ, გენდერული თანასწორობის ტრენინგში, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით, ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა. ტრენინგის მიზანი ქალი მეწარმეების ცნობიერების ამაღლებაა ისეთ თემებზე, როგორებიცაა - სოფლის მეურნეობის სექტორში არსებული გენდერული შეზღუდვების დაძლევა, თანასწორობის მნიშვნელობა და გენდერული სტერეოტიპების ზეგავლენა სოფლად მცხოვრები ქალების განვითარებაზე.

ტრენინგი წალკაში „ფერმერთა საველე სკოლის“ ფარგლებში ჩატარდა.  FAO-მ სულ 30 საველე სკოლა აამოქმედა, რომლებშიც ადგილობრივი რძის მწარმოებელი ფერმერები გაწევრიანდნენ. ფერმერთა საველე სკოლის შეხვედრებზე სურსათის უვნებლობის თემები განიხილება - წველის ჰიგიენა, საქონლის დაავადებების დიაგნოსტიკა და ა.შ. ამ ტრენინგების ამ სერიის ფარგლებში ჩატარდა გენდერული თანასწორობის ტრენინგიც.

„გენდერული უთანასწორობა ქართული საზოგადოების და მისი განვითარების პროცესის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. გენდერულ უთანასწორობას ვგრძნობთ და  ვამჩნევთ თითქმის ყველა სექტორში, რაც სრული პოტენციალის მიღწევაში ხელს გვიშლის“, - ამბობს თეონა მაქაცარია, ტრენინგის სპიკერი, FAO-ს გენდერის, სოციალური ინკლუზიის და ექსტენციის ოფიცერი. „ძალიან მნიშვნელოვანია გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ ორმხრივი დისკუსიის დაწყება. ამ საკითხს დიდი ზეგავლენა აქვს როგორც ქალებზე, ასევე კაცებზეც“. როგორც მაქაცარიამ აღნიშნა, ტრენინგის მონაწილეები აქტიურად ჩაერთნენ საოჯახო საქმეების და მოვალეობების გადანაწილების შესახებ დისკუსიაში.

ფერმერთა საველე სკოლების აქტივობებში მთლიანობაში 300-ზე მეტი რძის მწარმოებელია ჩართული, მათი უმრავლესობა ქალია. FAO-ს ტრენერები 2022 წლის ბოლომდე, საველე სკოლებში 700-ზე მეტი ქალის ჩართვას გეგმავენ და მათ, საჭიროებების მიხედვით, სურსათის უვნებლობისა და გენდერული თანასწორობის შესახებ ტრენინგები ჩაუტარდებათ.   

„ქალი ფერმერები სოფლის მეურნეობის ბევრ ღირებულებათა ჯაჭვში, განსაკუთრებით კი რძის სექტორში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობენ. ამის მიუხედავათ მათ ტრენინგებზე ძალიან შეზღუდული წვდომა აქვთ, რაც ხელს უშლის სურსათის უვნებლობის მინიმალური სტანდარტების უზრუნველყოფას რძის წარმოებაში. ფერმერთა საველე სკოლა ასევე შესანიშნავ პლატფორმას წარმოადგენს  გენდერული თანასწორობის შესახებ სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაში, ამ პროცესს FAO და ევროკავშირი მტკიცედ უჭერენ მხარს“, - განცხადა ხავიერ სანს ალვარესმა, FAO-ევროკავშირის პროექტის კოორდინატორმა.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში.  პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი საერთო ბიუჯეტი 234.5 მილიონი ევროა. მისი მიზანია სოფლად ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება და საქართველოში სიღარიბის შემცირება.  მეტი ინფორმაცია ENPARD-ის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: https://eu4georgia.eu/enpard/.