FAO საქართველოში

FAO და საქართველო მიწის დეგრადაციის, კლიმატის ცვლილებისა და ბიომრავალფეროვნების შემცირების საპასუხო საკითხებზე იმუშავებენ

ფოტო: გოგა ჩანადირი
23/03/2022

სოფლის მეურნეობის, აგროსასურსათო სისტემების, სოფლად საარსებო წყაროების, საექსპორტო შესაძლებლობებისა და სურსათის უვნებლობის უწყვეტი გაუმჯობესება და განვითარება - გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასა (FAO) და საქართველოს შორის დღეს გაფორმებულ შეთანხმებაში ჩამოთვილილი სამუშაო მიმართულებები პრიორიტეტებად სახელდება. თანამშრომლობის ახალი ფორმატი კლიმატის ცვლილების, მიწის დეგრადაციის, ბიომრავალფეროვნების დაკარგვის და სხვა გარემოსდაცვითი საკითხების საპასუხო ინიციატივებსა და მოქმედებებზეა აგებული.

„FAO-ს პროგრამულ ჩარჩოხელშეკრულებას“, რომელიც 2025 წლის ჩათვლით პერიოდს მოიცავს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ და საქართველოში FAO-ს წარმოადგენელმა, რაიმუნდ იელემ მოაწერეს ხელი. შეთანხმებით განსაზღვრული შედეგების მიღწევა მნიშვნელოვანი  წვლილი იქნება გაეროს იმ მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში,  რომლებიც ,,FAO-ს 2022-2031 წლების სტრატეგიულ ჩარჩოდოკუმენტშია“ მოცემული.

,,უკრაინის ომი და მისი შედეგები, რეგიონული თუ გლობალური მასშტაბით,  ყურადღების ცენტრში აქცევს აგროსასურსათო სისტემებს. დღეს ხელმოწერილი ჩარჩოხელშეკრულების ფარგლებში, FAO, საკუთარი ექსპერტიზითა და გამოცდილებით, მზადაა საქართველოში სასურსათო სისტემების გარდაქმნის პროცესს მხარში დაუდგეს“, - განაცხადა რაიმუნდ იელემ.

ახალი შეთანხმების მიზანია, საქართველოში მცირე და საოჯახო მეურნეობების პროდიქტიულობისა და კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესება. დოკუმენტით განსაზღვრულია საარსებო წყაროებით უზრუნველყობა სოფლის მოსახლეობის, განსაკუთრებით კი, ქალების და კონფლიქტებით დაზარალებული მოსახლეობის. FAO კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებაში დაეხმარება ასევე კერძო კომპანიებს, უფრო ზუსტად კი, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს, რომლებიც სოფლის მეურნეობასა და სურსათის წარმოებაში არიან ჩართულნი.

„აგროსასურსათო სისტემის ტრანსფორმაციის პოტენციალის სრული გამოყენება, რათა თითოეულ ადამიანზე აისახოს განვითარების შედეგები - ეს არის ჩვენი მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის ძირითადი პრინციპი“, - განაცხადა იელემ.

FAO გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად იმუშავებს ექსტენციის (ფერმერთა საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურები) სტრატეგიის განხორციელებაზე. წარმოების გაუმჯობესების მიზნით, მოხდება ცოდნისა და ექსტენციის სერვისების გაზიარება ფერმერებისთვის, განსაკუთრებით - ქალებისა და ახალგაზრდა მწარმოებლებისთვის.

FAO ასევე დაეხმარება სამინისტროს სურსათის უვნებლობის სტანდარტების შემოღებასა და მიკვლევადობის სისტემების ამოქმედებაში, რაც სარგებლის მომტანი იქნება სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის თითოეული მომხმარებლისთვის. საექსპორტო შესაძლებლობების გაძლიერებაც შეთანხმებით გათვალისწინებული შედეგების სიაშია. შემუშავდება ხარისხის კონტროლის პოლიტიკა, რომელიც თანხვედრაში მოვა ევროკავშირის სტანდარტებთან.

კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია ქვეყნის პრიორიტეტს წარმოადგენს და FAO ამ მიმართულებითაც აქტიურად იმუშავებს. ბუნებრივი რესურსების რაციონალური და მდგრადი გამოყენებით, მიწის დეგრადაციის შემცირებით და კლიმატგონივრული სასოფლო-სამეურნეო მეთოდების დანერგვით, აგროსასურსათო სექტორი მდგრადი და ადაპტირებული გახდება კლიმატის ცვლილებასთან მიმართებაში.

ხელშეკრულება სამინისტროებთან და მთავრობის სააგენტოებთან კონსულტაციების შედეგად მომზადდა. მის შემუშავებაში ჩართულები იყვნენ პარტნიორი და დონორი ორგანიზაციები: ევროკავშირი, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო, ასევე, გაეროს სხვა ორგანიზაციები, კერძო, არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

 „FAO-ს პროგრამული ჩარჩოხელშეკრულება“ ავსებს ,,2021-2025 წლების გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს’’, რომელიც საქართველოს მთავრობასა და გაეროს შორის თანამშრომლობას განსაზღვრავს. დოკუმენტი გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას და საქართველოს ეროვნული განვითარების მიზნების მიღწევას ემსახურება.