FAO საქართველოში

ომიდან წარმატებულ ფერმერობამდე

14/04/2022

მარინა რუხაია 57 წლის დევნილი ქალია აფხაზეთის სოფელ დრანდადან. 1993 წელს, აფხაზეთში ომის შედეგად, მას, ქმართან და ორ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად, საცხოვრებლად გადასვლა რუსეთში, სანქტ-პეტერბურგში მოუწია. ორ წელიწადში კი ოჯახმა ისევ საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტა, რათა შვილებს  მშობლიური ენა და კულტურა არ დაევიწყებინათ.

მარინას ოჯახი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერში დასახლდა, სადაც ნათესავმა ძველი, ხის პატარა ოდა დაუთმო. მარინამ ადგილობრივ სკოლაში ფიზიკის მასწავლებლად მუშაობა დაიწყო და თან ფერმერულ საქმიანობაში ჩაერთო.

„ძალიან რთული იყო საცხოვრებელი ადგილის ხელახლა შეცვლა, ყველაფრის თავიდან დაწყება, ახალ გარემოსა და ხალხთან შეგუება. მახსოვს, საკმარისი ჭურჭელიც კი არ გვქონდა ოჯახში და მონაცვლეობით ვსადილობდით. თანდათანობით მოვახერხეთ მდგომარეობის გაუმჯობესება. როდესაც ქალი ხარ, გიწევს ატარო სოფლის ცხოვრების მძიმე ტვირთი.“   

თავდაპირველად, მან ერთი მეწველი ძროხა იყიდა და ყველის წარმოება ოჯახური მოხმარებისთვის დაიწყო, თუმცა, მალევე გააცნობიერა რძის პროდუქტებზე მაღალი მოთხოვნა და  დამატებით მეორე ძროხაც შეიძინა. დღეს უკვე 10 ძროხა ჰყავს. ნათესავისგან საჩუქრად მიიღო ფუტკრის ერთი ოჯახიც და, როცა თაფლზე მოთხოვნაც გაიზარდა, ოჯახმა ხელი მეფუტკრეობის ბიზნესსაც მიჰყო. ამჟამად უკვე ფუტკრის 26 ოჯახი ჰყავთ.

მარინამ განაცხადი შეიტანა მთავრობის მიერ დაფინანსებული პროგრამის „აწარმოე საქართველოს“ კონკურსში და გრანტი მოიპოვა 1 ჰექტარ მიწაზე მოცვის გასაშენებლად.

„ვფიქრობ, ქალებმა უნდა დაძლიონ შიში და გამბედავები გახდნენ, გამოიყენონ ცხოვრებაში ყველა შესაძლებლობა მიზნების რეალიზაციისთვის.  საოცარი შეგრძნებაა, როცა  საკუთარ თავსა და გარშემომყოფებს აჩვენებ, როგორშეგიძლია უკეთესობისკენ შეცვალო შენი ცხოვრება. როცა ვუყურებ დღეს ჩემს თავს, დევნილობამდე ვერ წარმოვიდგენდი ამდენის გაკეთება თუ შემეძლო.  ზოგჯერ პრობლემა ისაა, რომ მიხვდე, ვინ ხარ და რა შეგიძლია“.

მარინას უკვე 2 შვილიშვილი ჰყავს, მისი ქალიშვილი საბერძნეთში, ემიგრაციაში იმყოფება. მისი აზრით, წარმატების მთავარი გასაღები ოჯახის ერთიანობაა.

 „ერთიანობა უმთავრესია ოჯახში, ოჯახის ყველა წევრს კარგად გვაქვს გაცნობიერებული ჩვენი წილი პასუხისმგებლობა და თანაბრად გვაქვს გადანაწილებული მოვალეობები. ჩემთვის  და ჩემი მეუღლისთვის არ არსებობს ქალისა და კაცის საქმე, ჩვენ გვესმის, რომ თუ ცხოვრებაში მიზნების მიღწევა გვსურს,  ურთიერთგაგება და საქმიანობის თანაბრად გადანაწილება არის აუციელებელი“.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის (FAO) პროექტის ფარგლებში, მარინა ერთ-ერთი ფერმერული საველე სკოლის ლიდერი ფერმერი გახდა. ის წარმოების ახალი ტექნოლოგიებითა და პროექტის ფარგლებში არსებული შესაძლებლობებით არის დაინტერესებული.

ფერმერულ საველე სკოლაში მონაწილეობით, შესაძლებლობა აქვს, გააუმჯობესოს წარმოების ტექნოლოგიები, შეისწავლოს რძის ჰიგიენის სანიმუშო პრაქტიკა და ინოვაციური ტექნოლოგიები. მარინა ინფორმაციას იღებს ბაზრის საჭიროებებზე, საქართველოს კანონმდებლობასა და ფერმის დონეზე მისი გამოყენების შესახებ, სურსათის უვნებლობის მიმართულებით.

პროექტის ფარგლებში მიღებული ცოდნა და ინფორმაცია დაეხმარება გაზარდოს წვდომა გასაღების ბაზარზე.  პროექტი შესანიშნავ შესაძლებლობას აძლევს მარინას სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით 20 ფერმერული სკოლის მთლიან ქსელთან ერთად გამოცდილება გაუზიაროს 250 ფერმერ ქალს. ფერმერთა საველე სკოლების შეხვედრების ფარგლებში, ქალები არსებულ გამოწვევებს განიხილავენ და საფუძველს ქმნიან სამომავლო თანამშრომლობისთვის. მარინამ, პროექტის ფარგლებში, ცხოველთა კეთილდღეობისა და რძის პროდუქტების გამრავალფეროვნებისთვის საჭირო ინვენტარი მიიღო, რათა თავის ყოველდღიურ საქმიანობაში გამოიყენოს ფერმერულ სკოლაში დემონსტრირებული პრაქტიკა.

FAO-სთან ერთად, მარინას და ფერმერულ სკოლაში ჩართულ სხვა ქალებს გაეროს ქალთა ორგანიზაციაც ეხმარება. ბიზნესისა და სამეწარმეო უნარების გაძლიერება მათ წარმოების სისტემის დანერგვასა და განვითარებაში დაეხმარება.

პროექტის ფარგლებში მიღებული ცოდნით მარინა დაძველებული ყველის წარმოებას აპირებს და გეგმავს, რომ ეს ახალი პროდუქტი რეგიონს შესთავაზოს.

 „მინდა გავამხნევო ქალები, განსაკუთრებით იძულებით გადაადგილებული და სოფლად მცხოვრები ქალები. პირველ რიგში, მათ უნდა ისწავლონ საკუთარი თავის პატივისცემა და არ უნდა შერცხვეთ სოფლის მეურნეობის საქმეებში ჩაერთონ, არ აქვს მნიშვლელობა მათი განათლების დონეს“, - ამბობს მარინა.

პროექტი ხორციელდება გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN WOMEN) მიერ, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ფინანსური მხარდაჭერით. პროქტი დაიწყო 2020 წლის ოქტომბერში  და 2024 წლის ოქტომბრამდე გაგრძელდება.