FAO საქართველოში

უნიკალური ქართული გემო ქუთაისში - აგრობაზარი ევროკავშირისა და FAO-ს მხარდაჭერით

09/09/2022

ქუთაისი – გასტრონომიული გამოფენის „ზარზეიმი“ ფარგლებში, აგრობაზარი „უნიკალური ქართული გემო“ ჩატარდა, ამჯერად ქუთაისში. ღონისძიების მხარდამჭერი იყო ევროკავშირი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO).

ქუთაისის პარკში, გამოფენაზე, გასაყიდად წარმოდგენილი იყო როგორც ნიშური, ასევე მასობრივი მოხმარების აგრარული პროდუქტები საქართველოს რეგიონებიდან.

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდა 36 ფერმერი, რომლებიც FAO-ს, ევროკავშირის და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების ბენეფიციარები არიან. აღნიშნული პროექტები, საქართველოში აგროწარმოების განვითარებას უწყობს ხელს, როგორც ქართველი ფერმერებისთვის შექმნილი საგანმანათლებლო პროგრამებით, ასევე დანადგარებისა თუ სივრცეების მოწყობისთვის განკუთვნილი ფინანსური მხარდაჭერით, რაც აგროპროდუქციის ხარისხისა და რაოდენობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად, სურსათის უსაფრთხოების სტანდარტების გათვალისწინებით.

მონაწილეებმა მომხმარებელს გაუზიარეს ინფორმაცია საკუთარ აგროპროდუქტებზე, რომლებიც ტრადიციული წარმოებისა და თანამედროვე ტენდენციების შერწყმითა და საკვების უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით იქმნება. 

„მოხარული ვარ, რომ FAO-მ შესაძლებლობა მოგვცა გავცნობოდით ბიზნესის მართვისა და სურსათის უსაფრთხოების პრინციპებს და საკუთარი პროდუქტი გაგვეცნო უამრავი მომხმარებლისთვის. პროექტის ფარგლებში, უკვე შევიძინეთ არაერთი ერთგული მომხმარებელი. ეს ყველაფერი ჩვენთვის მნიშვნელოვანი ბიძგი არის წარმატებისკენ“, ამბობს მარიამ ლებანიძე, აგრობაზრის მონაწილე და „ლორუკას“ დამფუძნებელი, რომელიც ტრადიციულ ქართულ ხორცის პროდუქტებს აწარმოებს.

„აგრობაზარი, ევროკავშირისა და SDC-ის მხარდაჭერით, FAO-ს მიერ მიღწეული შედეგების შესანიშნავი დემონსტრაციაა. ფერმერებისა და ადგილობრივი საკვები პროდუქტების მწარმოებლების გაძლიერებამ საგანმანათლებლო შესაძლებლობებითა და ფინანსური მექანიზმებით, დააჩქარა განვითარება უნიკალურად ადგილობრივი პროდუქტის, რომელზეც მოთხოვნა სულ უფრო იზრდება. საქართველოს მოქალაქეები უნდა ამაყობდნენ თავიანთი უნიკალური ადგილობრივი პროდუქტებით“, აცხადებს FAO-EU პროგრამის კოორდინატორი, ხავიერ სანს ალვარესი.

“მოხარულები ვართ, რომ აგრომარკეტი წარმატებით ჩატარდა ქუთაისში და ამ ისტორიულ ქალაქში მომხმარებელს ნაკლებად ცნობილი ქართული გემოები გააცნო. ევროკავშირი მისი პროგრამების საშუალებით, აქტიურად გააგრძელებს საქართველოს რეგიონებში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქტების განვითარების ხელშეწყობას”, ამბობს ჟორჟ დეუ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის მეურნეობის, მეთევზეობის და სურსათის უვნებლობის პროგრამების მენეჯერი.

ზარზეიმი Stall-ის მიერ ორგანიზებული ღონისძიებაა, რომლის მეშვეობით საკვები პროდუქტის, ღვინის, აგრარული და ხელნაკეთი ნივთების ფესტივალები, პირველად გაერთიანდა ქუთაისში. სხვა სპონსორებთან ერთად, ღონისძიების მხარდამჭერია ევროკავშირი, GIZ და FAO, EU4Business ინიციატივის „ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში“ ფარგლებში.