FAO საქართველოში

„სურსათის დანაკარგების და სურსათის ნარჩენების შემცირებისა და სურსათის შეწირულობის შესახებ“ საქართველოს კანონის პრეზენტაცია

15/12/2022

თბილისი, სასტუმრორუმსთბილისი - „სურსათის დანაკარგების და სურსათის ნარჩენების შემცირებისა და სურსათის შეწირულობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის ორგანიზებითა და ევროკავშირის ENPARD პროგრამის ფარგლებში, FAO-ს მხარდაჭერით გაიმართა. შეხვედრა ასევე მოიცავდა კანონპროექტის შესახებ FAO-ს მიერ განხორციელებული რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) ანგარიშისა და საქართველოს გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ფარგლებში მომზადებულიგენდერული ზეგავლენის შეფასების (GIA) ანგარიშის პრეზენტაციებსაც.

კანონპროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს: ნინო წილოსანმა, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ; ხატია წილოსანმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ; გიორგი ხანიშვილმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პირველმა მოადგილემ; ჯუმბერ მარუაშვილმა, FAO-ს ეროვნული პოლიტიკის უფროსმა მრჩეველმა.

შეხვედრის მიზანი იყო კანონპროექტის წარდგენა ყველა დაინტერესებული მხარისა და კანონპროექტის აღსრულებაზე პასუხისმგებელი უწყებებისათვის, მათ შორის: საქველმოქმედო ორგანიზაციები, საცალო ვაჭრობის ობიექტები, არასამთავრობო სექტორი, ფერმერთა ასოციაცია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სურსათის ეროვნული სააგენტო, შემოსავლების სამსახური და სხვ..

სურსათის დანაკარგების და სურსათის ნარჩენების მართვა და ადმინისტრირება მრავალგანზომილებიანი კონცეფციაა, რომელიც მოიცავს: ნარჩენების მართვას და მათი წარმოქმნის შემცირებას სურსათის წარმოებისა და მოსავლის აღების ეტაპებზე; სურსათის უვნებლობისა და ჰიგიენის საკითხებს; ეტიკეტირებისა და თარიღის მითითების წესებს; ოფიციალური კონტროლისა და დაბეგვრის რეჟიმებს.

აღსანიშნავია, რომ წარმოქმნილი ნარჩენების ნაკადების ტიპური შემადგენლობისა და მათში სხვადასხვა კომპონენტის წილის დასადგენად საქართველოში 2021 წელს ჩატარებული ნარჩენების შემადგენლობის ანალიზი აჩვენებს, რომ მუნიციპალური ნარჩენების შემადგენლობაში ორგანულ ნარჩენებს, რომელიც მოიცავს სურსათის ნარჩენებსაც, უკავია ყველაზე დიდი წილი - 54.7% ტონა (საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, 2022) . საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 9.5%-ი საჭიროებს გაუმჯობესებულ  წვდომას საკვებ პროდუქტზე მაშინ, როდესაც 0.6 მილიონი ტონა საკვები ხვდება ნაგავსაყრელზე ყოველწლიურად (გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა, 2021).

კანონპროექტი სწორედ ზემოაღნიშნულ გამოწვევებს პასუხობს და მიზნად ისახავს საქართველოში სურსათის უსაფრთხოების გაუმჯობესებას და სურსათის ნარჩენების შემცირებას, რაც ხელს შეუწყობს სოციალური, ეკონომიკური და ეკოლოგიური პირობების გაუმჯობესებას და დაეხმარება ქვეყანას  მდგრადი განვითარების გლობალური მიზნების  მიღწევაში.

„ეს საკანონმდებლო ინიციატივა იმ დიდი რეფორმების ნაწილია, რომელმაც ევროკავშირთან უნდა დაგვაახლოვოს. სურსათის მარაგების მართვასთან დაკავშირებული საუკეთესო დასავლური გამოცდილების გაზიარება, ერთი მხრივ, მოგვცემს საშუალებას სურსათი რაციონალურად გადავანაწილოთ მათთან, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება  და, მეორე მხრივ, სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების წარმოქმნის შემცირებას  შეუწყობს ხელს. მოხარული ვარ, რომ ამ კანონპროექტის მომზადების პროცესი წარმატებით შედგა აგრარულ საკითხთა კომიტეტში, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, ევროკავშირის, დაინტერესებული მხარეებისა და აღმასრულებელი ხელისუფლების თანამშრომლობის ფონზე. იმედი მაქვს, უკვე კანონპროექტის საკომიტეტო და სასესიო განხილვებიც ასევე ეფექტურად წარიმართება და მომავალ წელს ჩვენ გვექნება „სურსათის დანაკარგების და სურსათის ნარჩენების შემცირებისა და სურსათის შეწირულობის“ შესახებ კანონმდებლობა“, აღნიშნა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა.

,,აღნიშნული კანონპროექტის მიღება არის საუკეთესო შესაძლებლობა კერძო და საჯარო უწყებებს შორის თანამშრომლობით მოსახლეობის  საუკეთესო ინტერესებზე  ზრუნვის. კანონის ამოქმედება ხელს შეუწყობს სურსათის უსაფრთხოების და გარემოსდაცვითი კუთხით პასუხისმგებლიანი პოლიტიკის ჩამოყალიბებას ქვეყანაში და ეს იქნება რეგიონში პირველი პრეცედენტი, როდესაც საკანონმდებლო დონეზე მოხდება სურსათის დანაკარგების და ჭარბი სურსათის ნარჩენების შემცირება.  მინდა მადლობა გადავუხადო როგორც კერძო სექტორს, ისე აღმასრულებელ ხელისუფლებას და ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებს (ევროკავშირს, ფაოს) მხარდაჭერისთვის“. განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ხატია წილოსანმა.

„სურსათის ღირებულებათა ჯაჭვების სწორ მართვას საგრძნობი ეფექტები შეიძლება რომ ჰქონდეს, რაც გულისხმობს გაუმჯობესებულ ცხოვრების პირობებს ადამიანებისთვის და ბევრად უფრო მდგრად საჯარო და კერძო სექტორებს. კანონპროექტი სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების შემცირების, სურსათის შეწირულობის შესახებ და მისი აღსრულება სწორედ ასეთი ზეგავლენის მოხდენის შანსს იძლევა. მოხარული ვარ, რომ საქართველოს პარლამენტი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ასე აქტიურად მუშაობენ აღნიშნულ კანონპროექტზე და უჭერენ მხარს მის განხორციელებასაც“, განაცხადა ჯუმბერ მარუაშვილმა, FAO-ს ეროვნული პოლიტიკის უფროსმა მრჩეველმა.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD პროგრამის ფარგლებში.  პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი საერთო ბიუჯეტი 179.5 მილიონი ევროა. მისი მიზანია სოფლად ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება და საქართველოში სიღარიბის შემცირება. პროგრამის „ENPARD” პირველი ფაზა ფოკუსირებული იყო ქვეყნის სოფლის მეურნეობის პოტენციალის განვითარებაზე, ხოლო მეორე და მესამე ფაზები სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ეკონომიკური შესაძლებლობების გაჩენაზე სოფლის მეურნეობის და მის მიღმა.