FAO საქართველოში

ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველოს აკვაკულტურის განვითარებისთვის დაინტერესებულ მხარეთა საჯარო დისკუსიები გაიმართა

02/03/2023

საქართველოს აკვაკულტურის განვითარების ეროვნულ სტრატეგიაზე საჯარო დისკუსიები გაიმართა Courtyard Marriott Tbilisi-ში. ღონისძიება ევროკავშირის მხარდაჭერით, ENPARD პროგრამის მეოთხე ფაზის ფარგლებში,  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა (MEPA) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ორგანიზებით გახორციელდა. საჯარო დისკუსიები, დაინტერესებული მხარეებისთვის აკვაკულტურის სტრატეგიის წარდგენა და დოკუმენტის საბოლოო ვერსიის შემუშავებამდე, მათთან კონსულტაციებს ისახავდა მიზნად.

ღონისძიება გახსნეს და მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: ნინო თანდილაშვილმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე; ჟორჟ დეუმ, ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის მეურნეობის, მეთევზეობის და სურსათის უვნებლობის პროგრამის მენეჯერმა; ჯუმბერ მარუაშვილმა, FAO-ს პოლიტიკის უფროსი მრჩეველი.

პირველ სესიაზე FAO-ს საერთაშორისო  ექსპერტებმა  სტრატეგიის სამუშაო ვერსია წარადგინეს, რომელიც განახლდა აკვაკულტურის სექტორიდან დაინტერესებული მხარეების უკუკავშირისა და მოსაზრებების გათვალისწინებით. შემდეგ, საჯარო დისკუსიები მრგვალი მაგიდის ფორმატში ოთხ მოდულად გაიყო და სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ოთხ ძირითად მიმართულებას მოიცავდა - მართვა, წარმოება, მარკეტინგი და სოციალური საკითხები, თითოეული თემის მნიშვნელობის ხაზგასასმელად. შედეგად, საქართველოს საჯარო და კერძო სექტორების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, სხვა აქტორებთან ერთად, MEPA-ს, NEA-სა და FAO-ს საკუთრი მოსაზრებები გაუზიარეს სტრატეგიის საბოლოო ვერსიის შესადგენად. 

ევროკავშირის მხარდაჭერით, FAO აკვაკულტურის განვითარების სტრატეგიაზე ბოლო ორი წელია მუშაობს MEPA-სა და მის სააგენტოებთან ერთად. FAO-ს საერთაშორისო ექსპერტებმა დოკუმენტის შექმნაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ექსპერტიზის გაზიარებითა და მათი ცოდნის საქართველოს კონტექსტზე მორგებით. მათმა საველე ვიზიტებმა და პროექტის ფარგლებში ყველა დაინტერესებულ მხარესთან კონსულტაციებმა, დადებითად იმოქმედა მიზანზე ორიენტირებული სტრატეგიის ჩამოყალიბებაში. მრგვალი მაგიდის დისკუსიებისას მიღებული უკუკავშირის აკვაკულტურის განვითარების ეროვნულ სტრატეგიაში ინტეგრირდების შემდეგ, დოკუმენტი დასრულებულ სახეს მიიღებს და დასამტკიცებლად MEPA-ს გადაეცემა.

„საქართველოში აკვაკულტურისა და  მარიკულტურის  განვითარებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება და ეს მიმართულება, ჩვენი მთავრობისთვის, ერთ-ერთი პრიორიტეტულია.  ჩვენ   უკვე  გვაქვს აკვაკულტურის შესახებ კანონი. პარალელურად, ევროკავშირის ექსპერტების ჩართულობით, დაწყებულია ინტენსიური სამუშაოები მარიკულტურის ზონების   განსაზღვრაზე, რაც საშუალებას მოგვცემს შავ ზღვაში მარიკულტურის მიმართულებით საქმიანობა განვითარდეს  და დამატებითი  ეკონომიკური სარგებელი მოუტანოს  ქვეყანას.  რაც შეეხება აკვაკულტურის განვითარების სტრატეგიას, უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელზეც მუშაობა FAO-ს ექსპერტების ჩართულობით  მიმდინარეობს. ბუნებრივია, პროცესებში აქტიურად ჩართულია ჩვენი სამინისტრო და  კერძო სექტორის წარმომადგენლები.  აკვაკულტურის განვითარების სტრატეგია ხელს შეუწყობს ბუნებრივი რესურსების რაციონალურად გამოყენებას და საშულებას მოგვცემს, სწორად განვსაზღვროთ ქვეყანაში აკვაკულტურის დარგის განვითარების  ფართო და გრძელვადიანი  პერსპექტივები“, აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა.

„საქართველოს აკვაკულტურის სექტორს ნამდვილად აქვს მეტი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნისა და რეალიზების პოტენციალი. მოხარული ვარ, რომ სტრატეგიის განვითარების მხრივ საბოლოო ნაბიჯს ვდგამთ. ამ მნიშვნელოვანი დოკუმენტის აღსრულებით, საქართველო საკუთარი პოტენციალის გამოყენებასა და შესაბამისად აკვაკულტურის ტრანსოფრმაციას შეძლებს, რაც სოფლებში ეკონომიკური განვითარების ახალ გზებს შექმნის და ფოკუსირებული იქნება ინკლუზიურობასა და გარემოსა და სოციალურ მდგრადობაზე“, განაცხადა FAO-ს პროგრამის კოორდინატორმა ხავიერ სანს ალვარესმა.

„საქართველოს, თავისი წყლის მრავალფეროვანი რესურსითა და შრომისმოყვარე მეწარმეებით, აკვაკულტურის განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. აკვაკულტურის განვითარებისას გამოწვევას წარმოადგენს ინკლუზიურობის, გარემოს მდგრადობისა და პროდუქტიულობის ამჟამინდელ მდგომარეობასთან მიმართებაში გაზრდის უზრუნველყოფა, სურსათის უვნებლობის ევროკავშირის სტანდარტების გათვალისწინებით. ჩემი ღრმა რწმენით, თუ ეს შესრულდება, საქართველოს აკვაკულტურის პროდუქტი ძალიან კონკურენტუნარიანი გახდება არა მხოლოდ საერთაშორისო, არამედ ქვეყნის ბაზარზეც. საქართველოს აკვაკულტურის, როგორც სანდო ბრენდის, დამკვიდრება გადამწყვეტი მნიშვნელობის იქნება, რომ ქართველმა მომხმარებელმა ადგილობრივი წარმოების პროდუქტი ამჯობინოს იმპორტირებულს და ამასთანავე კვებითი რაციონის გასაუმჯობესებლად თევზეულის მოხმარება გაზარდოს. შესაბამისად, აკვაკულტურის სტრატეგია გრძელვადიან პერსპექტივაში უმნიშვნელოვანესი ხელსაწყო იქნება ამ სექტორის განვითარებისთვის და ჩვენ მოხარულები ვართ, რომ აქტიურად ჩავერთეთ პროცესში ჩვენი ENPARD პროგრამის ფარგლებში, ჩვენს პარტნიორ FAO-თან ერთად”, განაცხადა ჟორჟ დეუმ ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის მეურნეობის, მეთევზეობის და სურსათის უვნებლობის პროგრამის მენეჯერმა.

---

2013 წლიდან, ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD პროგრამის ფარგლებში. პროგრამის მიზანია სოფლად ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება და საქართველოში სიღარიბის შემცირება. ENPARD პროგრამის პირველი ფაზა ფოკუსირებული იყო ქვეყნის სოფლის მეურნეობის პოტენციალის განვითარებაზე, ხოლო მეორე და მესამე ფაზები სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ეკონომიკური შესაძლებლობების გაჩენაზე სოფლის მეურნეობაში და მის მიღმა. 2023 წლიდან, პროგრამა უფრო მეტ აქცენტს აკეთებს ქვეყანაში სურსათის უვნებლობის გაუმჯობესებაზე.