FAO საქართველოში

განათლება – განვითარებისა და წარმატების გასაღები

ია მირაზანაშვილი, FAO საქართველოს გენდერული საკითხების კოორდინატორი. ფოტო:FAO/Cloud Studio
08/03/2023

ია მირაზანაშვილი 2011 წლიდან მუშაობს FAO-ში პროგრამების მიმართულებით, 2014 წლიდან კი ითავსებს გენდერული საკითხების კოორდინატორის როლს. მას დაცული აქვს დისერტაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლიტიკური დისკურსის პრაგმატიკულ მახასიათებლებზე. იას წარმატებით აქვს გავლილი FAO-სა და UNSSC-ის (გაეროს სისტემის თანამშრომელთა კოლეჯი) პროფესიული განვითარების მრავალი ტრენინგი გენდერულ საკითხებში. 2020 წელს FAO-ს გენერალურმა დირექტორმა ია მირაზანაშვილი დააჯილდოვა FAO-ს საუკეთესო თანამშრომლის ტიტულით.

როგორია თქვენთვის, როგორც ქალისთვის, FAO-ში მუშაობა?

FAO-ს ფუნდამენტური პრინციპია პატივისცემითა და ღირსებით ეპყრობოდეს თავის თითოეულ თანამშრომელს. ჩვენთან თანაბარი შესაძლებლობები ეძლევათ ქალ და კაც თანამშრომლებს. გენდერული თანასწორობა ვრცელდება, როგორც FAO-ს წარმომადგენლობის თითოეულ თანამშრომელზე, ისე, მის ყველა ბენეფიციარზე. მიუხედავად იმისა, რომ FAO-ს მმართველობით რგოლში არც ისე ბევრი ქალია, ორგანიზაციის თანამშრომელთა 51%-ს სწორედ ქალები შეადგენენ. FAO-ს საქართველოს წარმომადგენლობაში კარგად გვაქვს გააზრებული გენდერული თანასწორობის მნიშვნელობა სოფლის მეურნეობისა და სოფლის მდგრადი განვითარების მიმართულებით. სწორედ ამიტომ, ჩვენ ხელს ვუწყობთ ინკლუზიური და მედეგი აგრო-სასურთათო სისტემების ჩამოყალიბებას და FAO-ს სტრატეგიული და მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას.

როგორც ქალს, მე კარგად მესმის ყველა ის მიზეზი, რის გამოც ქალი ხშირ შემთხვევაში მოკლებულია თანაბარ შესაძლებლობებს. პირადი გამოცდილება მაძლევს იმის მოტივაციას, რომ თანამედროვე გენდერული მიდგომები ყოველდღიურ სამუშაო პროცესში დავამკვიდროთ. სწორედ ეს მიდგომები გვაძლევს არსებული სოციალური ნორმებისა და დისკრიმინაციული ქცევისა თუ ქმედების გადააზრების საშუალებას. გენდერული თანასწორობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოფლის მოსახლეობისთვის, სადაც, ქალები ბევრს შრომობენ მაგრამ მათ მიერ სოფლის მეურნეობაში შეტანილი წვლილი შეუმჩნეველი და დაუფასებელია.

პირადად ჩემთვის, პოზიტიური და ჰარმონიული სამუშაო გარემო გადამწყვეტია საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენისა და წარმატებული მუშაობისთვის. სწორედ ასეთი გარემოს შექმნას ვცდილობ ჩემი გუნდისთვისაც, მით უმეტეს, რომ დღევანდელი ყოფა სავსეა სტრესით, რომელიც გამოწვეულია მუდმივი კრიზისებით (ჯანმრთელობის, სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური, ენერგეტიკული, გარემოსდაცვითი, სასურსათო თუ სხვა). გუნდური სული ძალიან მნიშვნელოვანია წარმატებული ორგანიზაციის მშენებლობისთვის, სადაც თითოეული თანმშრომელი საკუთარი შრომის შესაბამისადაა დაფასებული. მე ყოველთვის გამოვხატავ პატივისცემასა და მადლიერებას ჩემი კოლეგებისადმი, რომლებიც თავდაუზოგავად და ერთგულად ემსახურებიან ჩვენს ორგანიზაციას, მიუხედავად იმისა, ვარ თუ არა მათი უშუალო ხელმძღვანელი.

და ბოლოს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიპოვოთ ბალანსი სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის. რა თქმა უნდა არის პერიოდები, როდესაც გადატვირთული ვარ საქმით, ან რაღაც სასწრაფოდ ხდება გასაკეთებელი, თუმცა, დასვენების დღეებში ჩემს შვილებთან და ოჯახთან ხარისხიანი ურთიერთობა ჩემი პრიორიტეტია.

რა გეამაყებათ ყველაზე მეტად თქვენს ამჟამინდელ საქმიანობაში?

მე მეამაყება, რომ ვარ FAO საქართველოს პროგრამის გუნდის ხელმძღვანელი. გუნდისა, რომელიც ამუშავებს, ახორციელებს და მონიტორინგს უწევს 2021-2025 წლების გაერთიანებული ერების მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ხელშეკრულებას (UNSDCF) გაეროს მუდმივი კოორდინატორის ოფისის ხელმძღვანელობითა და გაეროს პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით. ხელშეკრულების მიზანია, რომ ერთად მივაღწიოთ ქვეყნის განვითარებისათვის მნიშვნელოვან ცვლილებებს გამჭვირვალობითა და ანგარიშვალდებული მიდგომით. FAO-ოს საქართველოს პროგრამული ჩარჩო-ხელშეკრულება (CPF) 2021-2025 წლებში გულისხმობს ქვეყნის პრიორიტეტების განსახორციელებლად საჭირო მექანიზმების შექმნასა თუ მხარდაჭერას და იმ მიზნების მიღწევას, რომელიც განსაზღვრულია, ერთი მხრივ, აღნიშნული თანმშრომლობის ხელშეკრულებითა და, მეორე მხრივ, FAO-ს 2022-2031 წლების სტრატეგიული ჩარჩო პროგრამით. FAO-ოს პროგრამული ჩარჩო-ხელშეკრულება საქართველოსთვის ჩემი კოორდინაციით შეიქმნა და მეამაყება, რომ ამ ციკლში განსაკუთრებული ყურადღება მახვილდება იმ გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრაზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, რომელიც FAO-ს მიერ ქვეყნის გენდერული შეფასებისას გამოვლინდა. გენდერული მეინსტრიმინგი და ქალების გაძლიერებისკენ მიმართული აქტივობები განხილულია, როგორც ერთ-ერთი მთავარი მიმართულება გენდერული თანასწორობის მისაღწევად.

ქალს შეუცვლელი როლი აკისრია ოჯახსა თუ საზოგადოებაში, თუმცა მისი შრომა ხშირად შეუმჩნეველი რჩება. საქართველოში სოფლის მეურნეობასა და ზოგადად, სოფლის განვითრებაში არსებული პრობლემები ვერ გადაწყდება მანამ, სანამ ქალი და კაცი თანასწორუფლებიანი არ გახდებიან, გენდერული უთანასწორობა არ აღმოიფხვრება და ყველას თანაბარი წვდომა არ ექნება მატერიალურ თუ არამატერიალურ რესურსებზე. ქალსა და კაცს შორის არსებული სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობა საფრთხის ქვეშ აყენებს სასურსათო უსაფრთხოებას და ზოგადად, აფერხებს სოფლის მეურნეობის წინსვლასა და ეკონომიკურ ზრდას. მხოლოდ გენდერული თანასწორობით არის შესაძლებელი, რომ მივაღწიოთ სოფლისა და სოფლის მეურნეობის მდგრად განვითრებას და გამოვავლინოთ ამ მიმართულებების სრული პოტენციალი კაცებისთვისაც და ქალებისთვისაც. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი და გავაძლიეროთ სოფლად მცხოვრები ქალები. სწორედ ამიტომ იხარჯება FAO-ს მნიშვნელოვანი რესურსი სოფლად მცხოვრები ქალების გასაძლიერებლად.

ალბათ გყავთ ქალი, რომელიც თქვენი შთაგონების წყაროა?

ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, ბევრი ძლიერი ქალი ყოფილა ჩემთვის სამაგალითო. მათ შორის არიან თამარ მეფე, ოლღა გურამიშვილი, კატო მიქელაძე, ვირჯინია ვულფი, მარგარეტ ტეთჩერი და როზა პარკსი. თუმცა, ჩემი ყველაზე დიდი ინსპირაცია მაინც დედაჩემია, ის არის ჩემთვის სამაგალითო. ორი ქალიშვილის დედა მუდამ რამდენიმე სამსახურში მუშაობდა. ის ისტორიკოსი და რამდენიმე წიგნის ავტორია. ჩემი ორივე მშობელი განათლების სფეროში მუშაობს და მათთვის განათლება ყოველთვის პრიორიტეტი იყო. „განათლება განვითარებისა და წარმატების გასაღებია“ – ამ ფილოსოფიით ვიზრდებოდი ადრეული ბავშვობიდან. დედაჩემი დაგვატარებდა მე და ჩემს დას სხვადასხვა მუზეუმში, არქივსა თუ ბიბლიოთემაში, რამაც ჩვენში ცნობისმოყვარეობა გააღვივა. ის იყო მაგალითი იმისა, რომ განათლება არის უპირველესი აუცილებლობა, რათა ოცნებების ასრულება შევძლოთ. ახლა, მე ვცდილობ, რომ ეს აზრი ჩემს გოგონებს ჩავუნერგო, ვეუბნები, რომ მათ უნდა იპოვონ საყვარელი საქმე, რომელიც გააბედნიერებთ, რომ მიზნების დასახვისას სქესი არ უნდა ექცეთ ბარიერად. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ ჯერაც ბევრი გენდერული სტერეოტიპი გვაქვს დასანგრევი და გვიწევს კვლავ ვებრძოლოთ ქალისა და მამაკაცის გენდერული როლის უხეშად დაყოფის ტრადიციას. ინკლუზიური და თანასწორი განათლება გასაღებია სტერეოტიპებისა და უთანასწორობის აღმოსაფხვრელად. მაგალითად, სოფლად მცხოვრები ოჯახებისთვის ხშირად ნაკლებად საინტერესოა გოგონების განათლებაში ინვესტიციის ჩადება, რადგან მათგან, პოტენციურად, უფრო ნაკლები ეკონომიკური სარგებელია მოსალოდნელი, ვიდრე ბიჭებისგან, რომლებიც არსებულ პატრიარქალურ წყობაში იზრდებიან. ყოველივე ამას გრძელვადიანი გავლენა აქვს ახალგაზრდა ქალის სტატუსსა და სამომავლო შესაძლებლობებზე, მათთვის ნაკლებად ხელმისაწვდომი ხდება ღირსეული სამსახური და სხვა რესურსები.

ჩვენი პროექტების ბენეფიციარები ჩემი შთაგონების კიდევ ერთი წყაროა. მიუხედავად იმ უამრავი პრობლემისა, რომელსაც ქალი სოფლად ცხოვრებისას აწყდება, იქნება ეს მისი ცხოვრების პირადი, ოჯახური, თუ საზოგადოებრივი ასპექტები, მათი ძალა, ინტელექტი და განვითრებისკენ სწრაფვა აღმაფრთოვანებელია. მართლაც, გასაოცარი ძალის მომცემია, როდესაც ხედავ, რომ მიუხედავად საყოფაცხოვრებო პრობლემებისა და მრავალი პასუხისმგებლბისა, რომლებიც ძირითადად ოჯახზე ზრუნვას გულისხმობს, ქალებს ყოფნით ძალა და ნებისყოფა, რომ პირად ზრდასა და განვითრებაზე იზრუნონ, მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივი თემის გადაწყვეტილების მიღების პროცესში და მიაღწიონ ეკონომიკურ დამოუკიდებლობასა და პიროვნულ ძალას.

გაგვიზიარეთ სტრესთან გამკლავებისა და განტვირთვის თქვენეული ხერხი:

ცხოველები მიყვარს, განსაკუთებით ძაღლები. სახლში პუდელი მყავს – ბინგო, რომელიც ჩვენს ოჯახში მესამე შვილივითაა. შესაძლოა, გარკვეული თვალსაზრისით, ქალაქში მცხოვრებ ბავშვებს სოფლად მცხოვრებ ბავშებთან შედარებით მეტი შესაძლებლობა და პრივილეგია აქვთ, თუმცა, ბუნებასთან და ცხოველებთან ახლო კონტაქტის შესაძლებლობას მოკლებულნი არიან. ამიტომ, ვცდილობ, ჩემს შვილებს რამდენადაც შემიძლია მეტი ბუნებასთან კავშირის შესაძლებლობა მივცე, მინდა, რომ ბუნება უყვარდეთ. თუმცა, არამხოლოდ ბავშვები, მთელი ოჯახი გაგვაბედნიერა ახალი წევრების – პუდელისა და თუთიყუშების შემომატებამ. ასევე, ბოლო რამდენიმე წელის განმავლობაში ერთად ვუვლიდით ბატს, ბაყაყს, თევზს, კუს და სხვა ცხოველებს. 

პანდემიასთან დაკავშირებით ყველას სევდიანი მოგონებები გვაქვს, თუმცა, ასე თუ ისე, მაინც ვახერხებდით იმ რთული პერიოდის შემსუბუქებას. ამაში ალბათ იუმორი თუ გვეხამრებოდა. მეც მაქვს რამდენიმე მხირაული მომენტი გასახსენებლად: COVID-19-ით გამოწვეული პანდემიის დროს ყველა სახლიდან ვმუშაობდით და, ყოველდღიურად, არაერთი ონლაინ შეხვედრა გვქონდა. ასეთი შეხვედრების დროს ჩემი კოლეგები ხშირად ხედავდნენ ჩემს თავზე შემომჯდარ, თუ ოთახში მფრინავ თუთიყუშებს, ან, გაიგონებდნენ ხოლმე ძაღლის ყეფას, რაც საერთო მხიარულებას იწვევდა.