FAO საქართველოში

სმარტფონი ქალების ეკონომიკური გაძლიერებისთვის

მალიქა მაჩალიკაშვილი პროდუქტს სმარტფონით ყიდის. ფოტო: FAO/დავით ხელაშვილი
10/03/2023

ქალი ფერმერები თანამედროვე ტექნოლოგიებს ახლებურ სასოფლო-სამეურნეო ხელსაწყოებად იყენებენ.

პანკისის სოფელ დუისში, თოვლით დაფარულ, კავკასიონის მთებით დაჩრდილულ გაშლილ მდელოებში, მალიქა მაჩალიკაშვილის გაშენებული ფერმა ერთ დროს საკმაოდ ტრადიციული იყო. ის ოჯახის ხელშეწყობით ეწეოდა ყოველდღიურ საქმიანობას, უვლიდა პირუტყვსა და ფრინველს; თხილის ბაღს, ხეხილსა თუ კენკრას და მოჰყავდა ბოსტნეული. მალიქა პროდუქტს ადგილობრივ ბაზარზე ყიდდა და ზოგჯერ თბილისშიც ჩაჰქონდა. დღეს, მას ფერმაში ახალი სათბური და გამართული თანამედროვე ირიგაციის სისტემა აქვს და რაც განსაკუთრებულად აღსანიშნია, წარმოებულ პროდუქტს უკვე სმარტფონითაც ყიდის.

ბოლო სამი წლის განმავლობაში, მალიქა ესწრებოდა FAO-ს ტრენინგებს, რომლებიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ევროკავშირის პროგრამა ENPARD IV, ფერმერების გაძლიერებას და მათ ცხოვრებაში დადებითი ცვლილებების შეტანას ისახავს მიზნად, ფერმერთა საველე სკოლების პრაქტიკული ტრენინგების მხარდაჭერის გზით, რომელიც ფერმერებისთვის, თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო მიდგომების გასაზიარებას ემსახურება. ტრენინგი სადემონსტრაციო ნაკვეთებსა და ფერმებში ორგანიზებულ პრაქტიკულ აქტივობებს მოიცავს. FAO-ს საგანმანათლებლო პლატფორმები ასევე წარმატებით გამოიყენება სოფლად მცხოვრები კაცებისა და ქალებისთვის გენდერულ თანასწორობაზე, გენდერულ ძალადობასა და ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე ინფორმაციის გასაზიარებლად.

აღნიშნულ საკითხებზე ტრენინგების ჩასატარებლად, უმნიშვნელოვანესი იყო გაეროს მოსახლეობის ფონდთან თანამშრომლობა (UNFPA). აღნიშნული ტრენინგები ხელს უწყობს ქალი ფერმერების გაძლიერებას საკუთარი უფლებების დასაცავად, ბიზნესის განვითარებისა და წარმატებული ეკონომიკური პროექტების განსახორციელებლად.

მეტიმოსავალი, მეტიშესაძლებლობები

მალიქამ თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო მიდგომების შესახებ ტრენინგებზე შეძენილი ცოდნა მიწის გასანაყოფიერებლად გამოიყენა და ბოსტნეულის მოსავლის გაზრდაც შეძლო.

გაზრდილი მოსავლით, მან ახალი კომერციული არხების მოკვლევაც დაიწყო.

მალიქას თანამედროვე ტექნოლოგიის ათვისებაში შვილიშვილები დაეხმარნენ. ფოტო: FAO/დავით ხელაშვილი

პანკისის ფერმერთა საველე სკოლის ლიდერი ფერმერი, ნინო ყაყიჩაშვილი „ყოველთვის მეუბნებოდა, რომ დამეპოსტა ჩემი პროდუქტის შესახებ სოციალურ მედიაში“ – იხსენებს მალიქა.

მალიქამ რჩევა COVID-19-ის პირველი ტალღისას გაითვალისწინა. მის 14 წლის შვილიშვილთან ერთად, დაიწყო ფოტოების გადაღება, ხმოვანი მესიჯების ჩაწერა და სოციალურ მედია არხებში ინფორმაციის გაზიარება. დროთა განმავლობაში მისი პროდუქტის მიმართ მყიდველებმაც გამოიჩინეს ინტერესი. შედეგად, მალიქას სმარტფონზე არსებული ციფრული არხები შემოსავლის ახალ წყაროდ იქცა.

ასევე, COVID-19-ის პანდემიის პერიოდში, მალიქა პანკისელი ქალების ციფრულ ჯგუფში გაწევრიანდა, სადაც გასაყიდად ისეთი პროდუქტის ფოტოები ზიარდება, როგორებიცაა, ნამცხვრები, ბოსტნეული, ხილი, რძის პროდუქტები და საყოფაცხოვრებო ნივთებიც კი.

მალიქას ყოველდღიური საქმიანობა კვლავ მოიცავს პირუტყვსა და ფრინველს მოვლასა თუ თხილის ბაღს, ხეხილსა თუ კენკრის მოყვანას. ფოტო: FAO/დავით ხელაშვილი

„მეგონა, რომ შემოსავალს დავკარგავდი“, ამბობს მალიქა, „ამიტომაც დავიწყე ფოტოების [ციფრულ ჯგუფში] დადება“.

უკვე ტრადიციულად, მოსავლის აღებისას, ის აზიარებს სიახლეებს ხილსა და ბოსტნეულზე მისი ბაღიდან, ხოლო მთელი წლის განმავლობაში მის ფერმაში წარმოებული რძის პროდუქტის ფოტოებს დებს. მალიქა, როგორც ციფრული სივრცის აქტიური წევრი, სხვა პანკისელი ქალებისთვის მისაბაძი მაგალითი გახდა.

სმარტფონიეკონომიკურიდამოუკიდებლობისადაგაძლიერებისთვის

სოციალური მედია არხები ადამიანების ცხოვრების ტრანსფორმაციას ახდენს ყველგან – გამონაკლისი არც მალიქას პატარა სოფელია. მეზობლები ადრე ერთმანეთთან დადიოდნენ საკუთარი პროდუქტის გასაყიდად. ახლა კი ინტერნეტი და სმარტფონი გახდა აუცილებელი ადგილობრივ თემებს შორის ურთიერთკავშირის დასამყარებლად. ამასთანავე, მცირე ფერმერებისთვის თანამედროვე ტექნოლოგია კომერციისთვის გამოსადეგ ხელსაწყოდ ყალიბდება.

ტელეფონის თვალიერებისას, მომხმარებელი მალიქას ან სხვა ფერმერის გადაღებულ ხაჭოს ფოტოს იპოვის და გაიგებს შეკვეთიდან რამდენ ხანში შეძლებენ პროდუქტის მიღებას. აღსანიშნავია ისიც, რომ მომხმარებელი უკვე იგებს თუ რატომ არის მალიქას ნახელავი ასეთი გამორჩეული და აცნობიერებს თუ რამხელა შრომა და სიყვარული დევს მის პროდუქტში.

სოფლად მცხოვრებ ქალ ფერმერებს სმარტფონი, სხვა ციფრულ ტექნოლოგიებთან ერთად, მნიშვნელოვნად უწყობს ხელს. სოციალური მედია არხების გამოყენებით, ბევრი ქალი ახალ კავშირებსა და თანამშრომლობას ამყარებს, რაც გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრისკენ და ეკონომიკური დამოუკიდებლობისკენ წინ გადადგმულ ნაბიჯებია.

მალიქამ დაამტკიცა, რომ მისთვის სმარტფონი შემოსავლის ახალ წყაროდ იქცა, რომელსაც ოჯახსა და ფერმას ახმარს.

FAO-ს ტრენინგების შემდეგ გაზრდილი მოსავლის შემხედვარე, მალიქამ შესაძლებლობა დაინახა და ციფრული ტექნოლოგიის გამოყენება დაიწყო საკუთარი პროდუქტის გასაყიდად და შემოსავლის გასაზრდელად. ფოტო: FAO/ დავით ხელაშვილი

მისი თემისთვის, მალიქა სამაგალითო ქალია, რომელმაც შესაძლებლობები გამოიყენა და დაუღალავი შრომით ეკონომიკური დამოუკიდებლობაც მოიპოვა. FAO და ევროკავშირი ამაყად უჭერენ მხარს ინიციატივებს, რომლებიც სოფლად მცხოვრები თემების გაძლიერებას, სიღარიბისა და გენდერული უთანასწორობის შემცირებას უწყობს ხელს.

ევროკავშირის მხარდაჭერით, ENPARD IV-ის ფარგლებში, FAO საქართგელოში აგრძელებს ტრენინგებს ქალი ფერმერებისთვის. FAO-მ საქართველოს რეგიონში უკვე 2,500 ფერმერს გაუზიარა ცოდნა. ამასთანავე, პროგრამის ფარგლებში, 60-ზე მეტი ფერმერთა საველე სკოლა ჩამოყალიბდა რძის პროდუქტის, ბოსტნეულისა და თაფლის მწარმოებელი ქალი ფერმერებისთვის.

---

2013 წლიდან, ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD პროგრამის ფარგლებში. პროგრამის მიზანია სოფლად ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება და საქართველოში სიღარიბის შემცირება. ENPARD პროგრამის პირველი ფაზა ფოკუსირებული იყო ქვეყნის სოფლის მეურნეობის პოტენციალის განვითარებაზე, ხოლო მეორე და მესამე ფაზები სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ეკონომიკური შესაძლებლობების გაჩენაზე სოფლის მეურნეობაში და მის მიღმა. 2023 წლიდან, პროგრამა უფრო მეტ აქცენტს აკეთებს ქვეყანაში სურსათის უვნებლობის გაუმჯობესებაზე.

ეს პუბლიკაცია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაცია და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.