FAO საქართველოში

სურსათის ფასების ინდექსი 2023 წლის მარტის მდგომარეობით

ფოტო: FAO საქართველო
12/04/2023

 

12 მარტი, 2023 წელი  მარტში მსოფლიოში სურსათის ფასებმა კვლავ იკლო. FAO-ს მონაცემების მიხედვით, ფასების ინდექსი თებერვალთან შედარებით 2.1 პროცენტით, ხოლო წინა წელთან შედარებით – 20.5 პროცენტით შემცირდა.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, სურსათზე ფასების კლების ტენდენცია, რომელიც მარცვლეულსა და მცენარეულ ზეთზე ფასების შემცირებით არის გამოწვეული, უკვე 12 თვეა გრძელდება.

FAO-ს სურსათის ფასების ინდექსმა, რომელიც ასახავს ძირითად სასურსათო პროდუქტებზე ფასების ყოველთვიურ ცვლილებას, მარტში საშუალოდ 126.9 ქულა შეადგინა, რაც 2.1 პროცენტით ნაკლებია წინა თვესთან შედარებით და 20.5 პროცენტით ჩამოუვარდება გასული წლის პიკურ მონაცემებს, რომელიც 2022 წლის მარტში დაფიქსირდა. ფასების ვარდნას შეუწყო ხელი საკმაო მარაგის არსებობამ, იმპორტზე მოთხოვნის კლებამ და “შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის” გახანგრძლივებამ.

FAO-ს მარცვლეულის ფასების ინდექსი, თებერვლთან შედარებით, 5.6 პროცენტით შემცირდა, ამასთან, ხორბლის საერთაშორისო ფასებმა 7.1 პროცენტით იკლო, რაც განაპირობა ავსტრალიაში გაზრდილმა წარმოებამ, ევროკავშირში მოსავლის გაუმჯობესებამ, რუსეთის ფედერაციიდან გაზრდილმა მიწოდებამ და მიმდინარე ექსპორტმა უკრაინიდან, მისივე შავი ზღვის პორტებიდან. სიმინდის ფასები მსოფლიოში 4.6 პროცენტით შემცირდა, რაც, ნაწილობრივ, განპირობებულია ბრაზილიაში რეკორდული მოსავლის პროგნოზით, ხოლო ბრინჯის ფასმა 3.2 პროცენტით იკლო, რაც გამოწვეულია ძირითად ექსპორტიორ ქვეყნებში, მათ შორის, ინდოეთში, ვიეტნამსა და ტაილანდში მიმდინარე ან დაგაგემილი მოსავლის აღებით.

FAO-ს სასურსათო ფასის ინდექსი მცენარეულ ზეთზე საშუალოდ 3.0 პროცენტით ნაკლებია წინა თვესთან და 47.7 პროცენტით მცირე 2022 წლის მარტთან შედარებით. ამის მიზეზი უხვი მარაგები და გლობალურ იმპორტზე მოთხოვნის შემცირებაა სოიოს, რაფსისა და მზესმუზირის ზეთებზე. ამან დაჩრდილა პალმის ზეთზე გაზრდილი ფასი, რაც განაპირობა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში წყალდიდობების გამო წარმოების დაბალმა მაჩვენებელმა და ინდონეზიის მიერ დაწესებულმა დროებითმა შეზღუდვებმა ექსპორტზე.

„მიუხედავად იმისა, რომ ფასები შემცირდა გლობალურ დონეზე, ისინი მაინც ძალიან მაღალია და განაგრძობს ზრდას ადგილობრივ ბაზრებზე, რაც დამატებით გამოწვევებს ქმნის სურსათის უვნებლობის მიმართულებით. ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია განვითარებად ქვეყნებში, სადაც სიტუაციას ამწვავებს ადგილობრივი ვალუტის გაუფასურება ამერიკულ დოლარსა და ევროსთან მიმართებაში და, ამასთანავე, ამ ქვეყნების მზარდი ვალის ტვირთი“, – აცხადებს FAO-ს უფროსი ეკონომისტი, მაქსიმო ტორერო.

FAO-ს რძის პროდუქტის ფასის ინდექსი მარტში 0.8 პროცენტით შემცირდა. კარაქის ფასმა აიწია იმპორტზე გაზრდილი მოთხოვნის გამო, თუმცა, შემცირდა ყველის ფასი, აზიის ლიდერი იმპორტიორების მხრიდან შენელებული შესყიდვებისა და ლიდერი ექსპორტიორების მხრიდან გაზრდილი მარაგის გამო.

ყოველივე ზემოთქმულის საპირისპიროდ, FAO-ს შაქრის ფასის ინდექსმა 1.5 პროცენტით მოიმატა თებერვალთან შედარებით და 2016 წლის ოქტომბრის შემდეგ პირველად მიაღწია პიკს; სწორედ ამაში აისახა ინდოეთში, ტაილანდსა და ჩინეთში წარმოების შემცირების პროგნოზი. ამასთანავე, ბრაზილიაში შაქრის ლერწმის მოსავალზე დადებითმა მოლოდინმა ფასების ზრდა შეამცირა; ასევე მოხდა ნედლ ნავთობზე ფასების კლების გამოც, რაც აისახა ეთანოლზე მოთხოვნის შემცირებაში.

FAO-ს სურსათის ფასის ინდექსი ხორცზე უმნიშვნელოდ, 0.5 პროცენტით გაიზარდა. აშშ-ში შიდა ფასების მატებამ (რაც განპირობებულია დაბალი მიწოდების მოლოდინით) გავლენა იქონია მსხვილფეხა საქონლის ხორცის საერთაშორისო ფასის ზრდზე, მაშინ როდესაც ღორის ხორცზე ფასების ზრდა განპირობებულია დღესასწაულების წინ ევროპაში გაზრდილი მოთხოვნით. რამდენიმე მსხვილ ექსპორტიორ ქვეყანაში, ფრინველის გრიპის გავრცელების მიუხედავად, იმპორტზე გლობალური მოთხოვნის შემცირების გამო მსოფლიოში ფრინველის ხორცზე ფასები უკვე მეცხრე თვეა კლებულობს.

მეტი ინფომრაციისთვის მიჰყევით ბმულს

სიახლეები მოსავლისწარმოების, გამოყენების, ვაჭრობისადამარაგებისშესახებ

7 აპრილს გამოქვეყნებულ მარცვლეულის მოწოდებისა და მოთხოვნის ანგარიშში, FAO-მ წარმოადგინა 2023 წლის პროგნოზი მსოფლიოში მარცვლეულის წარმოების შესახებ. ამჟამინდელი მდგომარეობით მარაგი უკვე 786 მილიონი ტონაა, რაც 1.3 პროცენტით ნაკლებია 2022 წლის მაჩვენებელზე და მეორე უდიდესი შედეგი მონიტორინგის ისტორიაში. აზიაში მოსალოდნელია თითქმის რეკორდული ფართობის ნათესები, მაშინ, როდესაც მშრალი კლიმატი გავლენას ახდენს ჩრდილოეთ აფრიკასა და სამხრეთ ევროპაზე.

მოსალოდნელია, რომ სამხრეთ ნახევარსფეროში, ბრაზილიაში სიმინდის ყანების ფართობი ყველა დროის პიკს მიაღწევს. ეს მოლოდინი მაღალი საექსპორტო მოთხოვნითაა გამყარებული. დადებითი მოლოდინია სამხრეთ აფრიკაში მოსავლიანობის კუთხით, სადაც, შესაძლოა, 2023 წელს მეორე უდიდესი მოსავალი დაფიქსირდეს მონიტორინგის ისტორიაში. ამის საპირწონედ, ხანგრძლივმა მშრალმა ამინდებმა არგენტინაში სიმინდის ნათესებზე უარყოფითად იმოქმედა.

2022 წელს FAO-ს მოლოდინი მარცვლეულის პროდუქციაზე 2 777 მილიონი ტონა იყო, რაც ამჟამად მხოლოდ 1.2 პროცენტით ნაკლებია წინა წელთან შედარებით. მსოფლიოში ბრინჯის წარმოება 2022/23 წლის სეზონზე 516 მილიონი ტონაა 2021/22 წლის სეზონის მონაცემზე 1.6 პროცენტით ნაკლები, თუმცა, საშუალო მოსავლიანობის მაჩვენებელზე მაღალი.

FAO-ს განახლებული პროგნოზის თანახმად, მსოფლიოში მარცვლეულის გამოყენების მაჩვენებელი 2022/23 წლის სეზონზე 2 ​​779 მილიონ ტონას შეადგენს, რაც 0.7 პროცენტით ნაკლებია 2021/22 წლის სეზონის მონაცემებზე. მარცვლეულის მსოფლიო მარაგი 2022/2023 წლის სეზონის ბოლოსთვის შეიძლება 0.3 პროცენტით შემცირდეს 850 მილიონ ტონამდე. მარცვლეულის მსოფლიო მარაგების გამოყენების თანაფარდობა 2021/22 წლის სეზონზე 30.7 პროცენტიდან სავარაუდოდ 29.7 პროცენტამდე დაიკლებს, თუმცა, მიუხედავად ამისა, შეინარჩუნებს ზოგადად, კომფორტულ გლობალურ დონეს.

ნავარაუდევია, რომ მარცვლეულის მსოფლიო ვაჭრობა 2022/23 წლის სეზონზე 469 მილიონ ტონამდე, 2.7 პროცენტით შემცირდება წინა წლის სეზონია მონაცემებთან შედარებით. კლებაში, ძირითადად, ასახულია საფურაჟე მარცვლეულის ვაჭრობის შემცირება, მაშინ როდესაც, ხორბლის გლობალური ვაჭრობა, სავარაუდოდ, გაიზრდება. მოსალოდნელია, რომ ბრინჯით საერთაშორისო ვაჭრობა 2023 წელს  5.2 პროცენტით დაიკლებს 2022 წლის რეკორდულ მაჩვენებელთან მიმართებაში.     

მეტი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს.

დამატებითი ბმულები:
FAO Food Price Index
Cereal Supply and Demand Brief
AMIS: Market Monitor
Agricultural Market Information System (AMIS)
FAO Markets and Trade