FAO საქართველოში

FAO-სა და GCF-ის ერთობლივი პროექტი საქართველოს აგროსასურსათო სექტორში ემისიების შემცირებასა და კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგობაში დაეხმარება

26/04/2023

თბილისი – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ და გაეროს სურსათისა და სოფლის მეუნრეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელმა საქართველოში, რაიმუნდ იელემ ხელი მოაწერეს პროექტს, რომელიც ქვეყანაში კლიმატის ცვლილებისადმი მედეგი სოფლის მეურნეობის განვითარებასა და ემისიების შემცირებას ემსახურება.

პროექტს მწვანე კლიმატის ფონდი (GCF) აფინანსებს. მისი ბიუჯეტი 500 000 აშშ დოლარამდეა და დაახლოებით ორ წელი გაგრძელდება. პროექტის ფარგლებში, FAO აქტიურად იმუშავებს საქართველოს მთავრობის სააგენტოებთან და ახალი ხედვითა და მსოფლიოში არსებული გამოცდილების გაზიარებით, ხელს შეუწყობს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეფექტურ მუშაობას. პროექტი  პოლიტიკის ხარვეზებს შეეხება: შეიმუშავებს რეკომენდაციებს, განავითარებს სოფლის მეურნეობის გზამკვლევს და, მნიშვნელოვან დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციებზე დაყრდნობით, შეიმუშავებს ფინანსირების სამოქმედო გეგმას. კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის გზაზე საქართველოსთვის ასევე მნიშვნელოვანი იქნება მონაცემთა შეგროვება.

“FAO-სთვის მნიშვნელოვანია კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში საქართველოს მხარდაჭერა და გარემოსთვის საფრთხის შექმნის გარეშე სოციო-ეკონომიკური განვითარების დაჩქარება. საქართველოს დავეხმარებით, განახორციელოს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ეროვნული მიზნები. ჩვენი სურვილია, გავაძლიეროთ სოფლის მეურნეობაში ჩართული ადამიანების კლიმატისადმი მედეგობა, უზრუნველვყოთ მწვანე ეკონომიკური ზრდა და ხელი შევუწყოთ ქვეყნის საერთო მდგრად მომავალს”, – განაცხადა რაიმუნდ იელემ, FAO-ს წარმომადგენელმა საქართველოში, ხელმოწერის ცერემონიაზე პროექტისა „სტრატეგიული მზაობა საქართველოს განახლებული ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის განსახორციელებლად და კლიმატის მდგრადობის მისაღწევად: სოფლის მეურნეობის სექტორის ტრანსფორმაცია დაბალემისიიანი და კლიმატის ცვლილებისადმი მედეგი მიდგომებით“.  

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, FAO-სთან „თანამშრომლობა უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყანაში კლიმატგონივრული  სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. ვფიქრობ, ახალი პროექტის ფარგლებში, ჩვენ შევძლებთ ეფექტიანი შედეგების მიღწევას.“

აგროსასურსათო სექტორი საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტული მიმართულებაა, თუმცა, წინასწარი გათვლებით, 2030 წლისთვის ამ სექტორში, ემისიები 40%-ით გაიზარდება. საქართველომ განაახლა ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილი (NDC) გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის ფარგლებში, განავითარა 2030 წლის კლიმატის ცვლილების სტრატეგია და მისი სამოქმედო გეგმა; თუმცა, საჭიროებს დახმარებას 2015 წლის პარიზის შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების განხორციელებაში, რომელიც მდგრადი აგროსასურსათო სექტორის განვითარებასაც ითვალისწინებს. FAO-GCF-ის აღნიშნული პროექტის მიზანია მხარი დაუჭიროს ქვეყნის ამბიციას, აგროსასურსათო სისტემა კლიმატის ცვლილების უარყოფითი გავლენების გარეშე განავითაროს.

---

მწვანე კლიმატის ფონდი (GCF) არის უდიდესი გლობალური ფონდი რომელიც კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის მიმართულებით მუშობს. ის 2010 წელს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (UNFCCC) 194 წევრმა ქვეყანამ დააფუძნა. ფონდის მიზანია „გამორჩეული და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ დასახული მიზნების მისაღწევად კლიმატის ცვლილებასთან გლობალურ ბრძოლაში“.  

ფონდის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://www.greenclimate.fund/about.