FAO საქართველოში

თანამედროვე ტექნოლოგიები მიუსაფარ ცხოველთა დასახმარებლად

სააგენტოს დირექტორი თეიმურაზ ზავრაშვილი და თანამშრომელი ალექსი შაშიაშვილი სააგენტოს ტერიტორიაზე დაბადებულ ლეკვებს ვოლიერში, დედასთან აბრუნებენ. ფოტო: © FAO/რუსუდან ფანოზიშვილი
27/04/2023

კახეთის მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტო 2022 წელს შეიქმნა და გახსნიდან ერთი წლის განმავლობაში, 4000-მდე მიუსაფარ ცხოველს ჩაუტარდა სხვადასხვა ტიპის ოპერაცია. აქედან 3209 კასტრაცია-სტერილიზაცია იყო.

„ეს ძალიან მაღალი ციფრია, იმ გათვლით, რომ ჩვენი ვოლიერები და საოპერაციო არეალი წელიწადში 3500 ძაღლზეა მორგებული,“ – ამბობს სააგენტოს დირექტორი თეიმურაზ ზავრაშვილი.

თუმცა, გუნდური მუშაობით, სხვადასხვა ორგანიზაციების დახმარებითა და ეფექტური ელექტრონული აღრიცხვიანობის სისტემით, ყოველდღიური პროცესები სააგენტოში ბევრად დინამიკური გახდა და შედეგებიც გაუმჯობესდა. წელს, გამოცდილებაზე დაყრდნობით, ვარაუდობენ, რომ კიდევ უფრო მეტი ცხოველის მიღებას, გადარჩენას, აღრიცხვასა თუ გასხვისებას შეძლებენ.

კახეთის მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს მთავარი ფუნქცია ცხოველთა პოპულაციის მართვაა. თუმცა, მათ ასევე უწევთ ტრავმირებული, ნაპოვნი ცხოველებისთვის პირველადი დახმარების გაწევა, ცოფზე ვაქცინაცია და ყოველდღიურად საჭირო სხვა მანიპულაციების ჩატარება.

თეიმურაზ ზავრაშვილი ამბობს, რომ მიუსაფარი ცხოველების  საკითხი, როგორც პრობლემა, წლების განმავლობაში გროვდებოდა და იზრდებოდა, მის მოგვარებას კი სისტემური მიდგომა სჭირდება.

ერთ-ერთი მთავარი როლი, რაც ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოებმა თუ კერძო თავშესაფრებმა დამოუკიდებლად და ერთმანეთთან კოორდინაციით უნდა შეასრულონ, მიუსაფარი ცხოველების აღრიცხვა და მათი სისტემატიზაციაა. ამის შესაძლებლობას კი მათ საქართველოში უკვე არსებული ცხოველთა რეგისტრაციისა და მიკვლევადობის სისტემა (NAITS) აძლევს, რომელსაც, კახეთის მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოში უკვე იყენებენ.

კახეთის მიუსაფარ ცხოველთა სააგენტოში შემოყვანილი ძაღლები ოპერაციის შემდგომ რეაბილიტაციას გადიან. გამოჯანმრთელების შემდეგ, ისინი თავიანთ სოფლებსა თუ ქუჩებს დაუბრუნდებიან და ვოლიერებში ადგილს სხვა მიუსაფარ ცხოველებს დაუთმობენ. ფოტო: FAO/რუსუდან ფანოზიშვილი

„ერთ-ერთი სუსტი წერტილი არის აღრიცხვიანობა...ზუსტად არავინ იცის, თუ რა რაოდენობის შინაური ბინადარი ცხოველია  საქართველოში. ვფიქრობ, რომ ეს სისტემა დაგვეხმარება დიდი პრობლემის გადაჭრაში: რამდენი ძაღლი შემოდის თავშესაფარში წლიურად, რამდენი აიცრა ცოფზე, რამდენი მანიპულაცია გაკეთდა, საიდან მოგვყავს ძაღლები, ცხოველთა მიგრაციის შემთხვევებიც ხშირია – სისტემატიზაცია დაგვეხმარება რომ ოდესმე, ეს ყველაფერი ერთიანად დავითვალოთ,“ – ამბობს სააგენტოს დირექტორი და აღნიშნავს, რომ გამჭვირვალობა კიდევ ერთი მიზეზია ელექტრონული აღრიცხვიანობის დასანერგად.

ვახტანგ რუაძე სააგენტოს იმ თანამშრომლებს შორისაა, ვინც შემოყვანილი ცხოველების აღრიცხვის საკითხებს აგვარებს. რუაძე ამბობს, რომ დღის განმავლობში საშუალოდ 30-35 ძაღლი და კატა შემოჰყავთ. თითოეულზე ინფორმაციის თავმოყრა და გადანაწილება მისი საქმეა – მონაცემების ჩანიშვნა, ოპერაციისა თუ ცხოველის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის შენახვა, თუ საჭიროა, მეპატრონესთან დაკავშირება, ძაღლების გასხვისება – მათი სტერილიზაციისა და კასტრაციის პირობით და შემდგომ მათთან პერიოდული კავშირი.

თავდაპირველად, ყველა ინფორმაციას, ცხოველების საიდენტიფიკაციო ნიშნის მიხედვით, ფურცლებზე იწერდნენ. მაგრამ რუაძე ამბობს, რომ  „NAITS-მა ძალიან გაამარტივა საქმე,“ რადგან ელექტრონულად ინფორმაციის თავმოყრა ბევრ დროსა და ენერგიას ზოგავს. მისი სურვილია, რომ ეს სფერო სამომავლოდ სრულად გადაერთოს ელექტრონულ სისტემაზე.

ქუჩაში ნაპოვნი კავკასიური ნაგაზი კახეთის მიუსაფარ ცხოველთა სააგენტოში მრავალი დაზიანებით შემოიყვანეს. ძაღლი ახლა მკურნალობას გადის (ზემოთ). ქუჩაში ნაპოვნი ჰასკის მეტისი შეიძლება ლეიშმანიოზით იყოს დაავადებული, ამიტომ თავშესაფარში სხვა ძაღლებისგან იზოლირებულადაა მოთავსებული (ქვემოთ). ფოტო: FAO/რუსუდან ფანოზიშვილი.

NAITS-ში მონაცემები ცხოველების საიდენტიფიკაციო ნომრით შეჰყავთ, რომლებსაც ძაღლები და კატები მიკროჩიპით, საყურე ნიშნით ან ტატუს სახით ატარებენ. სისტემის ელექტრონული მოდულით შესაძლებელია, თითოეული ცხოველის ნომერს ახლდეს მათ შესახებ საყურადღებო ინფორმაცია, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით, თავშესაფრებსა და სხვა ჩართულ ორგანიზაციებს, ინფორმაციის მოძიებას მნიშვნელოვნად გაუმარტივებს. ეს პროცესი გაამარტივებს თავშესაფრების ურთიერთობას მოქალაქეებთანაც, როდესაც, მაგალითად, ცხელ ხაზზე ადამიანები რეკავენ და ქუჩაში ნაპოვნი თუ დაკარგული ცხოველების შესახებ მონაცემებს ეძებენ, ან სურთ გადაამოწმონ, რომელიმე ძაღლი ან კატა ცოფზე აცრილია თუ არა, ან როგორია რომელიმე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. 

NAITS-ში შესაძლებელია სხვადასხვა სახის მონაცემების ავტომატურად გენერირებაც, მათ შორის, ცოფის ვაქცინაციის სტატისტიკისაც, რაც სისტემაში მომუშავე მომხმარებლებს მუშაობას გაუადვილებს.

„პოპულაციის მართვასთან ერთად, მნიშვნელოვანი საკითხია ცოფის მონიტორინგი და ვაქცინაცია. მიუსაფარი შინაური ბინადარი ცხოველების ჰიპერპოპულაცია წარმოადგენს დიდ რისკს ცოფის გავრცელების კუთხით. ქვეყნის მასშტაბით ცოფზე ვაქცინირებული შინაური ბინადარი ცხოველების მონაცემების რეესტრის წარმოება მნიშვნელოვნად დაეხმარება სურსათის ეროვნულ სააგენტოს დაავადების საწინააღმდეგო და პრევენციული ღონისძიებების გატარებასა და დაგეგმვაში,“ – ამბობს NAITS-ის პროექტის ექსპერტი მარიკა ბოკუჩავა, რომელიც უკვე 2 წელია ელექტრონულ სისტემაში შინაური ბინადარი ცხოველების მოდულზე მუშაობს.

NAITS-ს ახორციელებს სურსათის ეროვნული სააგენტო, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ტექნიკური მხარდაჭერითა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით. ამ პროექტის დანერგვა 5 წლის წინ დაიწყო და აერთიანებს ინფორმაციას არა მხოლოდ მიუსაფარი ცხოველების, არამედ, მთლიანად საქართველოში ბინადარი შინაური ცხოველების შესახებ, რომელთა იდენტიფიცირებასაც კანონი ითვალისწინებს.  

ვეტერინარი გივი ელიკაშვილი 35 წელია ამ პროფესიას ემსახურება. დღის განმავლობაში, კოლეგებთან ერთად, ათობით ოპერაციაში მონაწილეობს. ფოტო: FAO/რუსუდან ფანოზიშვილი.

NAITS-ში უკვე არსებობს მონაცემები მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის, ასევე სხვადასხვატიპისმეურნეობის, მათშორის, აკვაკულტურის, მეფუტკრეობისა თუ მეღორეობის შესახებ. სისტემაში იძებნება ისეთი მონაცემები, როგორებიცაა ცხოველების ადგილსამყოფელი, მათზე განხორციელებული მანიპულაციები, ინფორმაცია მათი მფლობელების ან პასუხისმგებელი პირების შესახებ. ამასთან, NAITS-იუკვეარისმნიშვნელოვანიინფორმაციისწყაროსექტორშიარსებულისტატისტიკისათვის. მისიმეშვეობით, შესაძლებელიამეცხოველეობისმიმართულებითმონაცემებისმოძიება, მათშორის, გეოგრაფიული (GPS), პერიოდული, გენდერული, თუსხვატიპისინდიკატორებისმიხედვით.

შინაური ბინადარი ცხოველების მოდული ახლა საბოლოო ჩამოყალიბების პროცესშია.სწორედ იმისათვის, რომ ძაღლების, კატებისა და სხვა ბინადარი ცხოველების შესახებაც მსგავსი, ეფექტური სტატისტიკა და მართვის შესაძლებლობები შეიქმნას.

„დღეს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოებსა და თავშესაფრებს სხვადასხვა გზებით უწევთ შინაური ბინადარი ცხოველების მონაცემების წარმოება და ანგარიშების მომზადება. სისტემა ერთ სივრცეში მოუყრის თავს ცხოველების იდენტიფიკაციისა და რეგისტრაციის საკითხს, რაც დაზოგავს დროს და ხელსაყრელს გახდის მონაცემებზე წვდომას,“ – ამბობს მარიკა ბოკუჩავა. ამიტომაც, მისი თქმით, ახლა, როცა მოდული სატესტო რეჟიმში მუშაობს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თავშესაფრების გამოცდილებისა და მოსაზრებების მოსმენა, რათა, საბოლოოდ, მაქსიმალურად ეფექტური ელექტრონული სისტემა ჩამოყალიბდეს.

შინაური ბინადარი ცხოველების მართვის მეტი ეფექტიანობისთვის, სააგენტოების მუშაობაში FAO სხვადასხვა კუთხითაა ჩართული. თეიმურაზ ზავრაშვილი იხსენებს: „FAO პირველი ორგანიზაცია იყო, რომელიც სააგენტოს შექმნიდან მალევე დაგვიკავშირდა, იმისათვის რომ გაერკვია, რა მიმართულებით გვჭირდებოდა დახმარება. გაგვიზიარეს ელექტრონული აღრიცხვიანობის სისტემა, ლეპტოპი გადმოგვცეს და მოგვამარაგეს დამატებითი ლასოებით, მიკროჩიპებით, წასაკითხი სკანერებით, პორტატული ვიდეოგადამღებებით; ქირურგიული, მაღალი ხარისის ინსტრუმენტებით. ასევე, გაგვიზიარეს გამოცდილება, იმაზე თუ როგორ ჩაგვეტარებინა ოპერაციები მაღალი სანიტარული სტანდარტების დაცვით.“

კახეთის მიუსაფარ ცხოველთა სააგენტოში მოხვედრის შემდეგ, თითოეული შინაური ბინადარი ცხოველის შესახებ ინფორმაცია ელექტრონულად, NAITS-ის სისტემაში აღირიცხება, რაც სააგენტოების, მოქალაქეებისა თუ სხვა ჩართული მხარეებისთვის ცხოველების შესახებ ინფორმაციის მოძიებას ამარტივებს. ფოტო: FAO/რუსუდან ფანოზიშვილი. 

კახეთის მიუსაფარ ცხოველთა სააგენტოში ახლა 36 თანამშრომელია დასაქმებული და ისინი მხოლოდ ადგილობრივები არ არიან – სხვადასხვა მუნიციპალიტიდან, მათ შორის, თბილისიდანაც ჩადიან იმისათვის, რომ კახეთში ნაპოვნი ძაღლები და კატები დროულად გადაარჩინონ და პროფესიული დახმარება გაუწიონ.

როდესაც სააგენტოს ადგილზე, გურჯაანში ვეწვიეთ, ვეტექიმი გივი ელიკაშვილი, დამხმარე პერსონალთან ერთად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტიდან შემოყვანილ, დიდი ზომის, ყავისფერი მეტისის ოპერაციისთვის ემზადებოდა.

მოგვიანებით ვეტექიმმა გვითხრა: „ოპერაციამ ბრწყინვალედ ჩაიარა, გაკეთდა სტერილიზაცია, კარგად გადაიტანა ძაღლმა.“ დღის განმავლობაში ვეტერინართა ჯგუფს 30 ოპერაციაც გაუკეთებია, სტერილიზაციასა და კასტრაციასთან ერთად უწევთ ამპუტაციის, სიმსივნის მოკვეთის, კუჭნაწლავის მკურნალობისა და სხვა მანიპულაციების ჩატარებაც. საფრანგეთში ვეტერინარული განხრით განათლების მიღების შემდეგ, გივი ელიკაშვილი 35 წელია, ამ პროფსიით მუშაობს.

თეიმურაზ ზავრაშვილი ამბობს, რომ მის თავშესაფარში გამოცდილმა პერსონალმა მოიყარა თავი: „აქ არ არის ექიმი, რომელსაც 500 ოპერაციაზე ნაკლები აქვს ჩატარებული.“

პროფესიონალიზმთან ერთად, კახეთის მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოში მომუშავე ადამიანებს კიდევ ერთი რამ აერთიანებთ:

„აქ არ არსებობს ადამიანი, რომელიც შეყვარებული არ არის თავის საქმეზე. ისე არავინ იმუშავებს. შეიძლება კახეთში დღიური მუშახელის ხელფასით მეტი შემოსავალი გქონდეს, ვიდრე ჩვენთან, მაგრამ აქ მოწოდება აერთიანებს ხალხს. მარტო ვეტექიმს არ ვგულისხმობ, მომვლელი თუ არ ჩაიხუტებს ძაღლებს, ისე არ მუშაობს –  წარმოიდიგნეთ როგორ პირობებში შემოგვყავს, ისინი ხომ არ არიან მოვლილი, გასუფთავებული ძაღლები. მათი დასუფთავება, ცხოველი რომ არ გიყვარდეს, რთულია... ამბიცია გვაქვს, რომ ვიყოთ, საქართველოში ამ მხრივ ყველაზე მაღალპროფესიონალური გუნდი,“ – ამბობს კახეთის მიუსაფარ ცხოველთა სააგენტოს დირექტორი. 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტიდან ჩამოყვანილ მიუსაფარ მეტისს ოპერაციისთვის ამზადებენ. ფოტო: FAO/რუსუდან ფანოზიშვილი