FAO საქართველოში

ძროხების გაციფრულება

შორენა ჯამბაზიშვილი NAITS-ში მონაცემებს ელექტრონულად ანახლებს. ©FAO/დავით ხელაშვილი
29/04/2023

ქალი ვეტერინარები საქართველოში სურსათის უვნებლობის გაძლიერებისთვის

თებერვლის ცივ დილას, როცა საჩხერის ქუჩები თოვლითაა დაფარული და ტემპერატურა -2 გრადუსამდეა დაცემული, 39 წლის შორენა ჯამბაზიშვილი ხელთათმანებს, წამლებს, ნემსებსა და მობილურ ტელეფონს ჩანთაში ილაგებს და ფერმისკენ მიემართება.

დილაა და, შესაბამისად, ვაქცინაციის პირველი რაუნდის დროა. შორენა ვეტერინარი ტექნიკოსია და ვეტერინართან ერთად, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, შინაური ცხოველების აცრასა და შემდგომ მონაცემების გაციფრულებაზე მუშაობს.

ორკაციან გუნდში, თვითონ ინფორმაციის ონლაინ სისტემაში შეყვანაზეა პასუხისმგებელი. ინფორმაცია ცხოველთა ეროვნული იდენტიფიკაციისა და მიკვლევადობის სისტემაში (NAITS) შეჰყავს, რომელმაც ბოლო რამდენიმე წელიწადში საქართველოში შინაური ცხოველების მიკვლევადობის სფერო მნიშვნელოვნად გააუმჯობესა.

NAITS-ს სურსათის ეროვნული სააგენტო FAO-ს ტექნიკური მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტი აღრიცხავს შინაური ცხოველების, მათზე პასუხისმგებელი პირებისა და ადგილსამყოფელის შესახებ ყველა ტიპის ინფორმაციას, რაც კანონით სავალდებულოა.  

ცხოველებისა და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების სწრაფად და დროულად მიკვლევა, რომელსაც NAITS-ი უზრუნველყოფს, სურსათის უვნებლობის ჯაჭვის მნიშვნელოვანი ნაწილია. სისტემაში შინაური ცხოველების დარეგისტრირებით საშუალება გვეძლევა, ცხოველური წარმოშობის პროდუქტების „ფერმიდან სუფრამდე მოგზაურობის“ ყოველი ნაბიჯი გავაკონტროლოთ.

NAITS-ში იძებნება შინაური ცხოველის დაბადების თარიღი, წარმოშობა, ვაქცინაციის სტატუსი, ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია, ფერი და სხვა მონაცემები. ეს მომხმარებლებს ეხმარებათ დახლთან, პროდუქტის არჩევისას საჭირო ინფორმაცია მიიღონ. მაგალითად, მყიდველებს შეუძლიათ ხორცპროდუქტზე გამოტანილი QR კოდის საშუალებით NAITS-ის სისტემას დაუკავშირდნენ და პროდუქტის წარმოშობაზე მონაცემები მოიძიონ.

ვეტერინარი ტექნიკოსსები ცხოველების ვაქცინაციასთან ერთად,  აღრიცხავენ ინფორმაციას მათ შესახებ და შემდეგ ელექტრონულ სისტემა NAITS-ში შეჰყავთ, რომელიც საქართველოში FAO-ს ტექნიკური დახმარებით დაინერგა ©FAO/დავით ხელაშვილი

ამ ეტაპზე, NAITS-ში თავმოყრილია ინფორმაცია მილიონზე მეტი მსხვილფეხა საქონელის შესახებ. ეს შედეგი დიდწილად ვეტერინარებისა და ტექნიკოსი ვეტერინარების დამსახურებაა, რომლებიც პროექტის მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენენ – ფერმებში შინაური ცხოველების შესახებ მონაცემებს აგროვებენ და აღრიცხავენ.

„როდესაც ვაქცინაციის სეზონია, დოზების გამოტოვება არ შეიძლება. ამიტომ, ყოველ დღე, დილით ადრე და გვიან საღამოს ცხოველების ასაცრელად ფერმაში მივდივართ“, – ამბობს შორენა ჯამბაზიშვილი.

ერთ ხელში აცრისათვის გამზადებული შპრიცითა და მეორეში სმარტფონით, შორენა ფერმაში ჩამწკრივებული ძროხების გრძელ რიგს მიუყვება. ცხოველებს მოუსვენრობა ეტყობათ – ზოგი ხის ბაგაზე თავის ფხანით იქცევს თავს, ზოგი კი უკვე ნაცნობ ვეტერინარს თავისებურად ეგებება.

“სხვათა შორის, ჩემს ოჯახის წევრებს გაუჭირდათ იმასთან შეგუება, რომ სახლიდან ასე ხშირად მიწევს გამოსვლა... ამას მიჩვეულნი არ იყვნენ“, – გვიყვება შორენა.

ახალი პროფესია

სამი წლის წინ შორენა ჯამბაზიშვილმა გადაწყვიტა, დიასახლისური ყოველდღიურობა ახალი პროფესიით ჩაენაცვლებინა. გადამზადების ახალი კურსი გაიარა და სერტიფიცირებული ვეტერინარი ტექნიკოსი გახდა.

შორენას და მისი ქმარს, ასევე ვეტერინარ არსენს, ორი შვილი ჰყავთ: 15 წლის ოთარი და 13 წლის მარიამი. შორენა იხსენებს, რომ შვილები დედის მუდამ სახლში, მათ გვერდით ყოფნას მიჩვეულნი იყვნენ, ამიტომ მისი აქტიურად სამსახურში ჩართვა, თავდაპირველად, ოჯახისთვის, გამოწვევა იყო. თუმცა, ახალი საქმიანობა საინტერესო პერსპექტივებს ჰპირდებოდა.

“რა თქმა უნდა, ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაც გამოიწვია, მაგრამ, რაც მთავარია, ვსწავლობ, ყოველ დღე რაღაცას ვითვისებ, ვსწავლობ ვეტერინარიას, ვეცნობი პირუტყვის დაავადებას, ვვითარდები, – ამბობს შორენა, – რაც უფრო მეტს სწავლობს და მეტ განათლებას იღებს, მით უფრო დამოუკიდებელი ხდება ქალი... ეს აუცილებელია ქალისთვის“.

მეტიც, ვეტერინარი ტექნიკოსისთვის ახალი საქმიანობა  ერთგვარი გართობაც აღმოჩნდა. ეს საქმის ტექნოლოგიურ მხარეს უკავშირდება. კომპიუტერთან, ტაბლეტებთან თუ სმარტფონებთან მუშაობა შორენასა და მისი კოლეგებისთვის გამორჩეულად საინტერესოა.

“ვითხვოთ მეპატრონის პირადობას, შეგვყავს პირადი ნომერი, გამოჩნდება სადგომის სახელი... შემდგომ ვცრით, საქონლის ნომერს ვამატებთ და ვაკეთებთ ჩანაწერს ვაქცინაციაზე“, – შორენა მუშაობის პროცესის თითოეულ ნაბიჯს დეტალურად გვიხსნის.

სამი წლის წინ შორენა ჯამბაზიშვილი ვეტერინარი ტექნიკოსი გახდა. მას მიაჩნია, რომ მეტი განათლება ქალებს დამოუკიდებლობის განმტკიცებაში ეხმარება. ©FAO/დავით ხელაშვილი

ახალი საქმიანობა გარდამტეხი აღმოჩნდა შორენას კოლეგის, თეა ქვათაძისათვისაც, რომელიც კიდევ ერთი ვეტერინარი ტექნიკოსია საჩხერიდან:

„გაჭირვებით ვერ ვიტყვი, რომ გაგვიჭირდა ახალი ტექნოლოგიების ათვისება. უფრო გაიოლება ჰქვია... უფრო განვითარების მხრივ მიდიხარ... საქმიანობის მხრივ, [ახალი ტექნოლოგიები] უფრო მომავლისკენ იყურება, ვიდე ჩვეულებრივ, ფურცლით ნამუშევარი, – ამბობს თეა ახალ პროფესიაზე – მთავარია შენი საქმე გიყვარდეს და აქედან ეკონომიკური განვითარებაც სასიამოვნოა.“

სურსთის ეროვნული სააგენტოსს იმერეთის რეგიონული ინსპექტორის, მარინა მაჭარაშვილიის ინფორმაციით, 2022 წელს საჩხერის მუნიციპალიტეტში ვეტერინარებმა და ვეტერინარმა ტექნიკოსებმა NAITS-ში 10 798 შინაური ცხოველი აღრიცხეს. 

„ძალიან აქტიურად შრომობენ, შრომატევადი პროცესია... არ მინდა მიკერძოებაში ჩამეთვალოს, მაგრამ ქალებმა უფრო სწრაფად აითვისეს კომპიუტერიც, ტელეფონში NAITS-ის სისტემაში [ინფორმაციის] შეყვანაც“, – ამბობს მაჭარაშვილი.

მიკვლევადობის სისტემა

საჩხერელი რამაზ მღებრიშვილის ფერმაში ასზე მეტი პირუტყვია. მღებრიშვილი ამბობს, რომ ვეტერინარებმა და ვეტერინარმა ტექნიკოსებმა მასა და მის კოლეგებს მუშაობა ბევრად გაუმარტივეს:

„საქონელზე ინფორმაცია როდესაც შეგვყავს, ძირითად საქმეს აკეთებენ ვეტერინარები და და ვეტერინარი ტექნიკოსები. მადლობა მათ, რომ თავიანთი შრომით გვერდში გვიდგანან... პირუტყვის საიდენტიფიკაციო ნომერი რომ იცი, უკვე პრობლემა აღარ არის ზაფახულში, მთაში დაკარგული საქონლის პოვნა“, – ამბობს ფერმერი.

NAITS-ი საქართველოში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) და სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) მხარდაჭერით დანერგეს. საქართველო პირველი ქვეყანა, რომელმაც რეგიონში ცხოელთა იდენტიფიკაციისა და მიკვლევადობის ელექტრონული სისტემა წარმოადგინა. ჩრდილოეთ მაკედონია, ალბანეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნები NAITS-ის სისტემითა და მასზე მუშაობის გამოცდილების გაზიარებით დაინტერესდნენ. გამოცდილებების გაცვლა კი მნიშვნელოვანი იქნება არა მარტო სხვა ქვეყნებისთვის, რომლებიც რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემას ახლა ნერგავენ, არამეედ – საქართველოსთვისაც.