FAO საქართველოში

ანა - მეფუტკრეობით გატაცებული ქართველი ფერმერი

01/09/2023

27 წლის ანა ჩიტიშვილი  შიდა ქართლში, სოფელ ატენში ცხოვრობს. ის მეფუტკრეა და ბუნებრივი თაფლის წარმოების საოჯახო ბიზნესს უძღვება.

 “მამაჩემი იყო მეფუტკრეობით დაკავებული და ყველაფერი ასე დაიწყო“, - იხსენებს ანა. მისი ჩართულობით, არსებული ბიზნესი გაფართოვდა და მეტი თაფლის წარმოება დაიწყეს.  

თუმცა, ეს მოგზაურობა ადვილი არ იყო. გზად სხვდასხვა გამოწვევა დახვდათ: ერთ-ერთი -- მომხმარებლის მხრიდან ნდობის ნაკლებობა იყო.

„დიდი პრობლემა იყო, ვერ ვყიდდით არსებულ პროდუქტს ბაზარზე, რადგან ჯერ  ბევრი მომხმარებელი არ გვენდობოდა და ჩვენი პროდუქტის ხარისხს არ ენდობოდნენ“, - ამბობს ანა.

თუმცა, მონდომებითა და დიდი შრომის შედეგად, ანამ მოახერხა, მყიდველები მის მიერ წარმოებული თაფლის ხარისხში დაერწმუნებინა და გაყიდვებიც გაიზარდა.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მონაცემებით, საქართველოში დაახლოებით 70 000 ფუტკრის კოლონიაა და თითოეული მათგანი, საშუალოდ, 14-15 კილოგრამ თაფლს აწარმოებს. შესაფერისი კლიმატისა და მრავალფეროვანი ფლორის წყალობით, საქართველოში წარმოებული თაფლი მაღალხარისხიანად მიიჩნევა. თუმცა, ქვეყნის მეფუტკრეობის სექტორს მეტი აუთვისებელი პოტენციალი აქვს, განსაკუთრებით, ფუტკართა კოლონიების რიცხვის გაზრდისა და წარმოების მეთოდების გაუმჯობესების კუთხით.  

შიდა ქართლში, სადაც ანა ცხოვრობს, მეფუტკრეობა გავრცელებული პრაქტიკაა. იქ ბევრი ოჯახი ფლობს ამ ბიზნესს. თუმცა, ანას მსგავსად, ქალი მეფუტკრეები ადგილობრივ ბაზარზე პროდუქტის გაყიდვისას სირთულეებს აწყდებიან.

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) კვლევის მიხედვით, 2018 წელს ქალები საქართველოში მეფუტკრეობის ბიზნესის მფლობელთა მხოლოდ ათ პროცენტს წარმოადგენდნენ.

საქართველოში მეფუტკრეობის სექტორის განვითარების მხარდასაჭერად, FAO და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა ადგილობრივ მეფუტკრეებთან წარმოების ტექნიკის გაუმჯობესებასა და ყოველდღიური დატვირთვის შემცირებაზე მუშაობენ.

 “როგორც პროექტის ბენეფიციარმა, თაფლის საწური და ცვილის საჭერი მივიღე, რამაც მაღალი ხარისხის თაფლის წარმოება გამიმარტივა, უამრავი დრო დამიზოგა და ჩვენი წარმოება უფრო ეფექტური გახადა“, - ამბობს ანა. ის აღნიშნავს, რომ „ქალი მეფუტკრეები დიდი გამოწვევის წინაშე დგანან: რთულია, ადგილობრივ ბაზარზე პროდუქტის გაყიდვა, დიდ მწარმოებლებთან თანამშრომლობის შეთანხმებებისა და პროგრამების გარეშე“.

ანა ჩიტიშილი ასევე ხაზს უსვამს ქალი მეფუტკრეებისთვის საკმარისი ცოდნის მიწოდებისა და გადამზადების მნიშვნელობას, რაც მათ ბიზნესის გაფართოებაში დაეხმარება.

FAO-ს თანხმად, მეფუტკრეობის სექტორში ქალები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. კვლევები აჩვენებს, რომ მათი ჩართულობით, პროდუქტიულობის ზრდა და ხარისხის გაუმჯობესებაა შესაძლებელი. თუმცა, ამ სექტორში, გენდერული თვალსაზრისით, კვლავ სერიოზული ხარვეზები და უთანასწორობაა; რესურსებზე, ბაზრებსა, თუ განათლებაზე ქალებს, ხშირად, ნაკლებად მიუწვდებათ ხელი.

ფუტკრების სიჯანსაღისათვის, ანა ორგანული ფერმერული გამოცდილებისა და ორგანული პრეპარატების გამოყენების ერთგული რჩება. მისი მეურნეობა ისეთ ადგილასაა მოშენებული, სადაც გარემო მოწამლული არაა. ამის დამსახურებით კი, თაფლი ეკოლოგიურად სუფთა და მაღალი ხარისხისაა.

გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაში ფუტკრები განსაკუთრებულ როლს თამაშობენ. მცენარეთა დამტვერვით, მათ ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაში მიუძღვით წვლილი, რაც ჯანმრთელი და მდგრადი გარემოსათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ფუტკრები ეკოსისტემის სიჯანსაღის ინდიკატორებიც არიან: თუ ისინი ჯანსაღად არიან და მრავლდებიან, ეს, როგორც წესი, ნიშნავს, რომ ეკოსისტემაც ჯანმრთელი და დაბალანსებულია. შესაბამისად, ჯანსაღი გარემოს შენარჩუნებისთვის, ფუტკრებისა და მათი საცხოვრებელი ადგილების დაცვაა აუცილებელი.

მეტიც, ფუტკრების როლი გამორჩეულია ქვეყნის სოფლის მეურნეობის სექტორშიც, რადგან ისინი ხელს უწყობენ მცენარეთა დამტვერვასა და მათ ნაყოფიერებას. თაფლის წარმოება საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვანი სექტორია და ის ბევრი ადამიანისთვის, მათ შორის, ქალებისთვის დასაქმების შესაძლებლობებს ქმნის.

ანას მიაჩნია, რომ საქართველოს მეტი ეკოლოგიურად სუფთა თაფლის წარმოების დიდი პოტენციალი აქვს. მისივე აზრით, ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული მეტი საჯარო კამპანიაა საჭირო მეფუტკრეობის მნიშვნელობასა და ფუტკრის როლზე, როგორც ჯანსაღი ეკოსისტემისა და ბიომრავალფეროვნების, ასევე, ადამიანსა და ბუნებას შორის ბალანსის შენარჩუნებაში.

“ყოველდღიურად ვცდილობ, ახალი ინფორმაცია მივიღო მეფუტკრეობისა და ჩემი ბიზნესის შესახებ“, - ამბობს ანა.

მეფუტკრეობა კომპლექსური პროცესია, რაც გამორჩეულ უნარებსა და ცოდნას მოითხოვს. მეფუტკრეებმა უნდა იცოდნენ სკების მართვა, ფუტკრების ჯანმრთელობის მონიტორინგი და თაფლის უსაფრთხოდ და პროდუქტიულად ამოღება. ასევე, მნიშვნელოვანია, მეფუტკრეობასთან დაკავშირებული რისკების ცოდნა, მაგალითად, ფუტკრის ნაკბენისა თუ ფუტკრებს შორის დაავადებების გავრცელების შესახებ.

ანა ჩიტიშვილის ამბავი ხაზს უსვამს საკუთარ თემსა თუ ეკონომიკაზე ქალი მეფუტკრეების შესაძლო გავლენას. მაგალითად, აღმოჩნდა, რომ განვითარებად ქვეყნებში ქალების მიერ მართული ბიზნესები სიღარიბის შემცირებასა და ეკონომიკის ზრდაზე გავლენას ახდენს. მეფუტკრეობა შედარებით დაბალბიუჯეტიანი და მდგრადი გზაა ქალებისთვის შემოსავლის მისაღებად.

ანას მაგალითი ბევრ ქალს შთააგონებს, ვისაც სოფლის მეურნეობა და მეფუტკრეობა აინტერესებს. ის წარმოაჩენს მეფუტკრეების როლს საქართველოში ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა და მდგრადი სოფლის მეურნეობის განვითარებაში. ფუტკრები მონაწილეობას იღებენ მოსავლისა და მცენარეების დამტვერვაში, მეფუტკრეებს კი შეუძლიათ ორგანული და მდგრადი ფერმერული გამოცდილების პოპულარიზებაში შეიტანონ წვლილი, რაც გარემოსაც არგებს და ადამიანთა ჯანმრთელობასაც.

ანა მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება მიზანმიმართულობა და შრომა ქალ ფერმერებს საქართველოში გამოწვევების გადალახვაში დაეხმაროს.