FAO საქართველოში

FAO-ს ახალი პროექტი: საქართველოში მიწის კონსოლიდაციის მიზანშეწონილობის კვლევა

24/05/2023

თბილისი, საქართველო – გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) ახალი პროექტი დაიწყო მიწის კონსოლიდაციის საპილოტე ინიციატივების, როგორც განცალკევებული აქტივობების, ირიგაციის რეაბილიტაციასთან ინტეგრირებული პროცესის ნაწილის და ასევე, მიწის ნაკვეთის სისტემური რეგისტრაციის ნაწილის მიზანშეწონილობის დასადგენად.  

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან (NAPR) და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან (MEPA) თანამშრომლობა აუცილებელი წინაპირობაა ქვეყანაში მიწის კონსოლიდაციის, როგორც ინსტრუმენტის, წარდგენისთვის საჭირო ეტაპების შესამუშავებლად. პროექტი ასევე მოიცავს ფერმერებთან და მიწათმფლობელებთან კომუნიკაციას საკუთარი კონკურენტუნარიანობის გასაუმჯობესებლად მიწის კონსოლიდაციის პროექტებში ჩართვისთვის მზაობის დასადგენად. FAO-ს პროექტი ხორციელდება მსოფლიო ბანკის „ირიგაციის და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის“ (ILMDP) ფარგლებში.

საქართველოში ფერმის საშუალო ფართობი 1.4 ჰექტარია და ოთხ-ხუთ ნაკვეთად იყოფა ხოლმე, რაც ინფრასტრუქტურული განვითარების, წარმოების მოცულობისა და ფერმერთა კონკურენტუნარიანობის ზრდის შემაფერხებელია. მიწის კონსოლიდაცია ამ გამოწვევის გადაჭრის გზა შეიძლება იყოს, რადგან ეს საკანონმდებლო ინსტრუმენტი წარმოებისა და ეფექტურობის გაზრდასთან ერთად, მოსავლის განგრძობით მოყვანას უზრუნველყოფს. შედეგად, მიწის კონსოლიდაციით ფერმერთა ინიციატივები მომგებიანი და ფინანსურად მიზანშეწონილი ხდება. აღსანიშნავია, რომ მიწის კონსოლიდაციის სარგებელი მეტია, როდესაც მისი გამოყენება ირიგაციის რეაბილიტაციასთან თანხვედრაში ხორციელდება.

მიწის კონსოლიდაციის საპილოტე აქტივობების განხორციელება სწორედ იმ ტერიტორიებზეა მოსალოდნელი, სადაც „საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციის და მიწის პროექტის“ (GRAIL) ფარგლებში მსოფლიო ბანკი ფერმერებისთვის ირიგაციაზე გაუმჯობესებულ წვდომას შეუწყობს ხელს.

FAO-ს მიზანშეწონილობის კვლევა მოიცავს საქართველოს კონტექსტის გათვალისწინებით მიწის კონსოლიდაციის საპილოტე ინიციატივებისთვის შესაფერისი მოცემულობის გამოკვლევას. კვლევის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება ფერმერებთან, NAPR-ისა და სხვა ჩართული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ჩატარებული ინტერვიუების ანალიზი. ამასთანავე, დოკუმენტში მოცემული იქნება ხარჯ-სარგებლის პირველადი ანალიზი, სადაც აქცენტი მიწის კონსოლიდაციის პროექტებში ჩართული ფერმერების და საზოგადოების მიერ მიღებულ სარგებელზე გაკეთდება.

მიწის კონსოლიდაციისთვის იურიდიული და ინსტიტუციური ჩარჩოების დახვეწის შესახებ გაცემული რეკომენდაციებით, FAO-ს მიზანშეწონილობის კვლევა საპილოტე პროექტების განხორციელებისთვის მიზანშეწონილი მიდგომის ჩამოყალიბებაშიც შეიტანს წვლილს.

„მიწის კონსოლიდაციას საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებისთვის მნიშვნელოვან ინსტრუმენტად ჩამოყალიბების პოტენციალი აქვს, რადგან ფერმერებისთვის ეს ინსტრუმენტი მეტ მომგებიანობას უზრუნველყოფს და, ამასთანავე, კლიმატური ცვლილებისა და წყალზე წვდომის კუთხით მათ მედეგობას აუმჯობესებს. მიწის კონსოლიდაციის ეფექტურობის უზრუნველსაყოფად, უმნიშვნელოვანესია კონტექსტზე მორგებული მოდელის განსაზღვრა“, ამბობს FAO-ს მიწათსარგებლობის ოფიცერი, მორტენ ჰარტვიგსენი.

მიწის კონსოლიდაციის საპილოტე პროექტის იმპლემენტაცია საქართველოსთვის უნიკალური შესაძლებლობაა არა მარტო სოფლის მეურნეობის მხარდაჭერისთვის, არამედ კლიმატურ ცვლილებასთან ადაპტაციისთვისაც, განსაკუთრებით, როდესაც მიწის კონსოლიდაცია საირიგაციო სისტემების მოდერნიზაციასთან ერთად ხორციელდება.