FAO საქართველოში

მდგრადი მომავლისკენ კლიმატის მწვანე ფონდის მხარდაჭერით

ფოტო: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო/მიხეილ ჭიჭინაძე
08/06/2023

აგროსასურსთო სისტემაში კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის გაძლიერებისთვის საქართველოში ახალი პროექტი იწყება 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, გაეროს სურასთისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO) ერთად, უმასპინძლა ახალი პროექტის წარდგენას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს აგროსასურსათო სექტორში კლიმატის ცვლილების შერბილებისა და კლიმატის ცვლილებისადმი მედეგი განვითარების ხელშეწყობას. პროექტის მხარდამჭერია კლიმატის მწვანე ფონდი (GCF).

პროექტის ფარგლებში, FAO აქტიურად იმუშავებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მათ სააგენტოებთან ერთად, ახალი ხედვითა და მსოფლიოში არსებული გამოცდილების გაზიარებით, FAO ხელს შეუწყობს სათბურის აირების ემისიების შემცირებასა და აგრო-სასურსათო სისტემების ეფექტურობას. პროექტი, სექტორული მიმართულებით არსებულ პოლიტიკის ხარვეზებს შეეხება: დაეხმარება სამინისტროს განსაზღვროს სოფლის მეურნეობის სექტორის დაბალემისიანი განვითარების გზა, შეიმუშავებს პოლიტიკის რეკომენდაციებს და, დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციებზე დაყრდნობით – ფინანსირების სამოქმედო გეგმას.

ახალი პროექტის წარდგენას ესწრებოდნენ მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები აგროსასურსათო და სხვადასხვა სექტორიდან. ღონისძიება  ემსახურებოდა დაინტერესებულ მხარეებს შორის ინფორმაციისა და გამოცდილებების გაზიარების ხელშეწყობას.

მისასალმებელი სიტყვით ღონისძიება გახსნეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა და FAO-ს წარმომადგენელმა საქართველოში, რაიმუნდ იელემ. სამინისტროსა და FAO-ს წარმომადგენლებმა საქართველოს კლიმატის მწვანე ფონდთან თანამშრომლობისა და ახალი პროექტის შესახებ პრეზენტაციები გამართეს.

„მსოფლიო ნათლად ხედავს, რომ კლიმატის ცვლილება  მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქვეყნების ეკონომიკის სხვადასხვა სექტორზე, მათ შორის, სოფლის მეურნეობაზე. გამონაკლისი, რა თქმა უნდა, არც საქართველოა. შესაბამისად, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩამოვაყალიბოთ ისეთი კონკრეტული ხედვები, რაც ხელს შეუწყობს  სოფლის მეურნეობის სექტორს,  გახდეს უფრო მეტად კლიმატგონივრული და კლიმატთან ადაპტაციის ღონისძიებები დაიგეგმოს და განხორციელდეს ევროკავშირის საერთაშორისო დონეზე მიღებული  პრაქტიკის შესაბამისად.  ჩვენ მზად ვართ შევიტანოთ გარკვეული ცვლილებები არსებულ სახელმწიფო პროგრამებში, დავნერგოთ ისეთი დამატებითი მექანიზმები, რაც ქვეყანაში სოფლის მეურნეობის სექტორის ადაპტაციის შესაძლებლობებს გაზრდის და აღნიშნული სექტორიდან ჰაერში მავნე გაფრქვევებს მინიმუმამდე  შეამცირებს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, როდესაც საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს“, – აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.

პროექტი კლიმატის მწვანე ფონდის მზაობის დახმარების პროგრამის ნაწილია და დაახლოებით ორი წლის განმავლობაში გაგრძელდება. FAO-ს გამოცდილებებზე დაყრდნობითა და GCF-ის მხარდაჭერით, აღნიშნული პარტნიორობა მიზნად ისახავს საქართველოს აგროსასურსათო სისტემის ტრანსოფორმაციას, მათ შორის, კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის გზაზე, მნიშვნელოვანი მონაცემების შეგროვებას.

„საქართველოში პროგრამების განხორციელების თითქმის 20-წლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით, მიგვაჩნია, რომ საქართველოს აგროსასურსათო სისტემაში კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგობისა და ემისიების შემცირებით მდგრადი განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. ერთობლივი ძალებითა და FAO-სა და პარტნიორების საუკეთესო გამოცდილებების გაერთიანებით, შეგვიძლია აგროსასურსათო სისტემების ტრანსფორმირება, რომლებიც საქართველოს კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლისათვის აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებასა და ქვეყნის  მდგრადი მომავლის განვითარებას დაეხმარება“, – განაცხადა FAO-ს წარმომადგენელმა საქართველოში, რაიმუნდ იელემ.

საქართველო სასოფლო-სამეურნეო ტრადიციებითა და მდიდარი მემკვიდრეობით გამორჩეული ქვეყანაა. ამჟამად, ქვეყნის გამოწვევაა აგროსასურსათო სექტორის ზრდისა და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში აღებული საერთაშორისო ვალდბულებების დაბალანსება და, ამავდროულად, ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო სექტორში კლიმატის ცვლილების უკვე გამოხატულ გავლენებთან ბრძოლა. კლიმატის ცვლილების პროცესებზე ჯეროვანი ზემოქმედების გარეშე, 2030 წლისთვის, სოფლის მეურნეობის სექტორში ემისიების 40%-იანი ზრდა არის მოსალოდნელი. ამ პროცესის წინააღმდეგ საქართველომ უკვე გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები: განაახლა ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილი (NDC) გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის ფარგლებში, შეიმუშავა 2030 წლის კლიმატის ცვლილების სტრატეგია და მისი სამოქმედო გეგმა. მდგრადი აგროსასურსათო სისტემის შესაქმნელად და სოფლის მეურნეობის სექტორში არსებული პოტენციალის გასავითარებლად, ქვეყნისათვის ჯერ ისევ მნიშვნელოვანია პარტნიორების დახმარება, განსაკუთრებით კი კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლისათვის დასახული მიზნების შესასრულბლად და ადაპტაციისა და მედეგობის მხარდასაჭერად.