FAO საქართველოში

შებოლილი სულგუნი და ევროპული დაძველებული ყველი აჯიკით ნაფიჩხოუდან

29/09/2023

რკინის დაბალი ჭიშკრის მიღმა გამწვანებულ ეზოში, სიმინდის ბაღის გვერდით, აგურის ყავისფერი სახლია. მას მეორე სართულად ხის მეგრული ოდა ადგას, რომელიც,  დამშვენებულია ქართული ორნამენტებით და ჩხოროწყუს მთიან რელიეფზე გამწვანებულ ტყეს გადაყურებს. აქ, საქართველოს დასავლეთ ნაწილში არსებულ სოფელ ნაფიჩხოუში, ვეტერინარი და FAO-ს ლიდერი ფერმერი ნატო დარსალია ცხოვრობს. შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობით, მის სახლში ფერმერთა საველე სკოლაა მოწყობილი. აღნიშნულ ფორმატში, ნატოს მეზობლად მცხოვრებ მერძეული მიმართულებით მომუშავე ქალ ფერმერებს FAO-ს ექსპერტები რძის პროდუქტის წარმოების სრულ ციკლზე, სურსათის უვნებლობასა და ყველის ინოვაციური სახეობების წარმოებაზე უზიარებენ ცოდნას.

„მემკვიდრეობით გვაქვს მეცხოველეობა“, აღნიშნავს ნატო, რომელიც მისი წინაპრების მიერ დანატოვარ ხის კარადასა და მაგიდას შორის ზის და ამატებს, რომ „ყოველთვის ეს იყო შემოსავლის წყარო“. ვეტერინარია, მეცხოველეობა და რძის პროდუქტის წარმოება ნატოს ძირითად საქმიანობას წარმოადგენს. ამასთანავე, ნატო, ოჯახის წევრებთან ერთად, თხილის ბაღებსა და სიმინდის ყანასაც უვლის.

 

ჯანმრთელი ცხოველი, უვნებელი პროდუქტი

ნატოსთვის, როგორც გამოცდილი ვეტერინარისთვის, სურსათის უვნებლობა ჯანმრთელი ცხოველით იწყება. „უპირატესობას ვანიჭებ დროულ დეჰერმეტიზაციას, ვაქცინაციას... თავი ქუდში რომ გქონდეს ადამიანს და ფერმაც“, ამბობს ნატო, „ამგვარად, უგულებელყოფ ზოონოზური დაავადებებისა თუ სხვა რისკებს“. უვნებელი პროდუქტის მოხმარების აუცილებლობაზე საუბრისას კი აღნიშნავს, რომ „თუ ვიკვებებით ჯანსაღად, მაშინ ჩვენ ჯანმრთელები ვიქნებით“.

ნატო თვლის, რომ  სწორედ ჯანმრთელი  ცხოველისგანაა შესაძლებელი  მაღალი კვებითი ღირებულებისა და უვნებელი რძის  პროდუქტის მიღება. როდესაც ცხოველის ჯანმრთელობაზე მიდგება საქმე, ნატო ყოველთვის მზადაა დასახმარებლად: ის პირუტყვის დროულ ვაქცინაციაზე,  გარეგან დამუშავებასა და ჰიგიენის ნორმების დაცვის აუცილებლობაზე ყოველთვის სიღრმისეულ ინფორმაციას აწვდის მეზობელ ფერმერებს.

თუმცა, შემოსავლის ნაკლებობიდან გამომდინარე, ნატო ვეტერინარიასა და მეცხოველეობაზე ხელის ჩაქნევას და სხვა საქმით დაკავებას განიხილავდა. სწორედ ამ დროს გაიცნო FAO-ს ექსპერტები, ჩაერთო პროექტში და გახდა ლიდერი ფერმერი. 

ლიდერი ფერმერის გზა

 „FAO რომ არ გამოჩენილიყო, ალბათ სხვა საქმეს მოვკიდებდი ხელს“, აცხადებს ნატო. პირველად, ფერმერთა საველე სკოლას სენაკში ლიდერი ფერმერი ვენერა ლიპარტიას სახლში დაესწრო, როგორც სტუდენტი. ნატო იხსენებს, რომ მისთვის ტრენინგზე წარმოთქმული „ყოველი სიტყვა, ყოველი ასო, ყოველი წინადადება, ხვალინდელი დღის საწინდარი იყო“. პირველ ორ სემინარზე დასწრების შემდეგ, საკუთარი სოფლის მაცხოვრებლებს მოუყვა FAO-ს ტრენინგზე და რამდენიმე ქალი ფერმერი გაიყოლა სენაკში, ვენერა ლიპარტიას საველე სკოლაში.  

შემდეგ, FAO-ს ექსპერტები თავად მიიწვია ნაფიჩხოუში, სადაც, მისი აზრით, ადგილობრივი მოსახლეობის ძირითადი საზრდო მეცხოველეობაა.  სწორედ ასე გახდა ნატო FAO-ს ლიდერი ფერმერი, მის სახლში ფერმერთა საველე სკოლის შექმნაში მიიღო მონაწილეობა და მეზობლად მცხოვრები მერძეული მიმართულებით მომუშავე ქალი ფერმერები შემოიკრიბა.

საველე სკოლის მონაწილეებთან ის მუდმივად ურთიერთობს და ეხმარება წარმოების გაუმჯობესებაში. ნატოს აქტიურობის შედეგად, ფერმერთა საველე სკოლის 24-მა მერძევე ქალმა ფერმერმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მერძეული წარმოება.

„ჩამობანე, გაამშრალე, მოწველე, არ დატოვო ცურში რძე“, ყოველთვის ახსენებს ხოლმე ნატო მის სახლში მისულ მერძევე ქალ ფერმერებს. „მასტიტის სადიაგნოსტიკოც აქვთ“, ამბობს ნატო მის სახლში არსებული FAO-ს ფერმერთა საველე სკოლის მონაწილეებზე და აღნიშნავს, „კანის დამუშავებას ახდენენ, დეჰერმეტიზაციას და მეკითხებიან ხოლმე, რით დავამუშავოო, რით ავცრაო. ბედნიერები არიან“.

„მინდა, რომ სანიმუშო იყოს ჩვენი სკოლა და ისე ავაფრინო ჩვენი მოწაფეები, როგორც მერცხალი აფრენს თავის ბეღურებს“, ომახიანად აცხადებს ნატო, იღიმის და ხელი თავდაჯერებულად აქვს ზემოთ აშვერილი. 

 

ახალი ყველი, ახალი შესაძლებლობები

ხის ფიცრულ კედლებს შორის, მისაღებ ოთახში, ძველებურ მაგიდაზე გაშლილ ყვავილის მაგვარი ორნამენტებით მოქარგულ გადასაფარებელზე ალაგებს ნატო მის მიერ წარმოებულ თეთრ და ყავისფერ სულგუნის თავებს. მათ გვერდით კი საქართველოსთვის ინოვაციური მეთოდებით დამზადებული ნახევრად მაგარი, დავარგებული ყველის სახეობები და კაშხავალი აწყვია. ამგვარი რძის პროდუქტების დამზადება მან FAO-ს ფერმერთა საველე სკოლაში შეისწავლა და შეძენილ ცოდნას მის თანასოფლელებს უზიარებს.

„სულგუნსა და იმერულ ყველს ყველა ყიდის“, ამბობს ნატო და აღნიშნავს, რომ მისი ყველის ახალი სახეობებით სტუმრებიცა და მყიდველებიც ყოველთვის განსაკუთრებით ინტერესდებიან. ნატო ფიქრობს, რომ ინოვაციური რძის პროდუქტი, რომლებსაც ის აწარმოებს „უფრო მოთხოვნადია და ყუათიანი“. სახლშიც მის მიერ წარმოებული ინოვაციური ყველის მოხმარება დაიწყო. „გადასარევად მომიხვდა პირზე“, ამბობს ნატო სანელებლებით შეკაზმულ გრილზე შესაწვავ ყველზე, რომელიც ყველაზე მეტად მოსწონს.

შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და FAO-ს ხელშეწყობით, ნატოს პროდუქტი ქართულ ნიშურ მაღაზიებში უკვე იყიდება. ამასთანავე, მომხმარებელთან და კერძო სექტორთან ახალი კავშირების დამყარების მიზნით, მან არაერთხელ მიიღო მონაწილეობა, ევროკავშირის მხარდაჭერით, FAO-ს მიერ ორგანიზებულ აგრობაზარარში „უნიკალური ქართული გემო“.

ნატო არ აპირებს გაჩერებას, რადგანაც მას ბევრი იდეა აქვს. „ღამე არ მძინავს და ყველაფერს ვწერ, რისი გაკეთებაც მინდა“, ამბობს ნატო.

რჩევები გამოცდილი მერძევე ქალი ფერმერისგან

ნატოს უამრავი რჩევა აქვს განსაკუთრებით ქალი ფერმერებისთვის. პირველ რიგში, ის თვლის, რომ ქალები საქართველოში  თუ დარჩებიან და საკუთარი ბიზნესს, ადგილზე აწარმოებენ, უმჯობესი იქნება მათთვის და ქვეყნისთვის. „თუ ნატურალურ პროდუქციას ჩვენით ვაწარმოებთ, ფული არ დაგვეხარჯება“, ამბობს ნატო.

ის ფერმერებს ასევე ურჩევს, რომ „პროდუქციის ჯანსაღი ცხოველისგან მისაღებად, ვეტერინარული კანონმდებლობისამებრ მოახდინონ ყველაფერი“. ამისთვის კი, მისი აზრით, ყველა სოფელში უნდა იყვნენ ვეტერინარები და აგრონომები - ადამიანები, რომლებმაც „მიწისა და ცხოველის შინაარსი იციან“.

 

ფერმერთა საველე სკოლების შესახებ

2020 წლიდან დღემდე, FAO-მ 30 ფერმერთა საველე სკოლა დააარსა სამეგრელო-ზემო სვანეთში. აღნიშნული აქტივობათა ციკლი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობით და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით ხორციელდება.

ფერმერთა საველე სკოლების ბაზაზე, 400-ზე მეტმა მერძევე ქალმა ფერმერმა შეისწავლა რძის პროდუქტის წარმოების თანამედროვე მეთოდები. საგანმანათლებლო პროგრამის განუყოფელ ნაწილს სურსათის უვნებლობა და ყველის ინოვაციური დამზადების მეთოდებიც წარმოადგენს.

ამასთანავე, FAO, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ხელშეწყობით, ლიდერ ფერმერებს თავიანთი ყველის სახეობების ნიშურ მაღაზიებში რეალიზაციაშიც ეხმარება.  პროექტში ჩართული რვა მერძეული მიმართულებით მომუშავე ქალი ფერმერი ასეთ დაწესებულებებში საკუთარ პროდუქტს უკვე წარმატებით ყიდის.

 

„ბოლო ორი წლის განმავლობაში, ქალ ფერმერებთან მუშაობისას მიღებული გამოცდილება ჩვენთვის უძვირფასესია. საკუთარი თვალით მაქვს ნანახი უამრავი ქალის განათებული სახე, როდსაც ისინი საკუთარ თავში ინოვაციისა და გამბედაობის უნარს პოულობენ, პროფესიულ წარმატებებს აღწევენ და ახალ კავშირებს ამყარებენ მომხმარებლებთან და ბიზნესებთან. ჩვენი ლიდერი ფერმერების გარკვეული ნაწილი ყველს კომერციულად საერთოდ არ აწარმოებდა და ახლა, მათი უნიკალური, უგემრიელესი რძის პროდუქტი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში იყიდება. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კიდევ უფრო მეტი ფერმერთა საველე სკოლის შექმნაზე ვმუშაობთ, რომ უფრო მეტ ქალ ფერმერს გავუზიაროთ ცოდნა“, ამბობს სალომე გიგაშვილი, FAO-ს რძის პროდუქტისა და სურსათის უვნებლობის სპეციალისტი.

“შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით შექმნილმა ფერმერთა საველე სკოლებმა გვიჩვენა, რომ ცოდნის გაზიარებითა და მნიშვნელოვანი ტექნიკური ტრენინგებით, ქალ ფერმერებს დიდი ნაბიჯების გადადგმის, მდგრადი წარმოების გაუმჯობესებისა და საკუთარ ოჯახებში დამატებითი შემოსავლის შეტანის საშუალება ეძლევათ. თუმცა, პროექტის ფარგლებში, თვალსაჩინო ეკონომიკური ეფექტების მიღმაც გვაქვს აღსანიშნავი მიღწევები. მას შემდეგ, რაც დავინახავთ თუ როგორ ივსებიან პროექტის ბენეფიციარი ქალები სიამაყით, როდესაც ხედავენ, რომ მათი ყველი თბილისსა თუ ბათუმში იყიდება, შეგვიძლია ვისაუბროთ სოფლად მცხოვრებ ქალთა ინკლუზიურობაზე, მათ სიამაყის განცდაზე წინაპრებისგან დანატოვარი მეთოდებით შექმნილი რძის პროდუქტის მიმართ, რეგიონებში სიღარიბის შემცირებასა და თანამედროვე საქართველოს შენებაზე ისე, რომ არავინ დარჩეს ყურადღების მიღმა. ზოგჯერ, სოფლად მცხოვრებ ქალებს მხოლოდ შესაძლებლობა ჭირდებათ და ჩვენ ასობით ქალს ვაძლევთ ასეთ შესაძლებლობას, რომ მათ შეძლონ მოკრძალებული, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა უკეთესი მომავლისკენ“, ამბობს FAO-ს პროგრამის კოორდინატორი ხავიერ სანს ალვარესი.

___

შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, FAO-მ სამეგრელო-ზემო სვანეთში 20 ფერმერთა საველე სკოლა დააარსა მერძევე ქალი ფერმერების ეკონომიკური გაძლიერების მიზნით. აღნიშნულ ფორმატში ტრენინგები ტარდება რძის პროდუქტის წარმოების ციკლზე და ყველის ინოვაციური სახეობების მომზადებაზე. ამავდროულად, FAO სამეგრელო-ზემო სვანეთში მცხოვრებ მერძევე ქალ ფერმერებს ხელს უწყობს ბაზარზე წვდომის გაუმჯობესებასა და კერძო სექტორთან კავშირების დამყარებაში.