FAO საქართველოში

ევროკავშირი და FAO მხარს უჭერს მეტად უვნებელი აკვაკულტურის პროდუქტის წარმოებას საქართველოში

ფოტო: FAO
27/10/2023

ევროკავშირისა და შვედეთის მხარდაჭერით, ENPARD IV-ის ფარგლებში, FAO-მ აკვაკულტურის სექტორში, სურსათის უვნებლობის თემაზე, ხუთ დღიანი ტრენინგის პროგრამა განახორციელა, ქორთიარდ მერიოტ თბილისში. საგანმანათლებლო შეხვედრებს, სურსათის ეროვნული სააგენტოს (სეს) ინსპექტორები და სურსათის ბიზნესოპერატორების წარმომადგენლები დაესწრნენ. ტრენინგ პროგრამის მიზანს, საქართველოს აკვაკულტურის სექტორში სურსათის უვნებელი წარმოების პრაქტიკების გაუმჯობესება და ევროკავშირის შესაბამისი სტანდარტების დანერგვა წარმოადგენდა.

ღონისძიებას, რომელსაც,  აკვაკულტურის სფეროს 35 წარმომადგენელი დაესწრო, FAO-ს საერთაშორისო ექსპერტი, მარგარიდა კორეია უძღვებოდა. საგანმანათლებლო პროგრამის შინაარსი, ითვალისწინებს საქართველოს აკვაკულტურის სექტორში არსებულ სურსათის უვნებლობის გამოწვევებს. ტრენინგის ფარგლებში, მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ და განეხილათ შემდეგი სახის მნიშვნელოვანი საკითხები:

-          აკვაკულტურის კარგი პრაქტიკები და მეთევზეული მეურნეობის მართვა

-          წარმოების კარგი პრაქტიკები და სტანდარტიზებული საოპერაციო პროცედურები

-          HACCP მეთოდოლოგიის განხორციელება და სანიტარული და ფიტოსანიტარული სტანდარტების დანერგვა

საგანმანათლებლო მოდულის მონაწილეებისთვის, საველე პრაქტიკული ტრენინგებიც ჩატარდა გადამამუშავებელ ქარხანასა და საკალმახეში. აქცენტი გაკეთდა სანიტარული სტანდარტების აუდიტის საერთაშორისო მოთხოვნებზე.

 

„საქართველოში აკვაკულტურის სექტორს შეუძლია განსაკუთრებით მთიანი რეგიონების ეკონომიკურ განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს. ამასთანავე, აკვაკულტურის პროდუქტები კვებითი ღირებულების თვალსაზრისითაა მნიშვნელოვანი. თუმცა, თევზისა და აკვაკულტურის სხვა სახის მაღალი ხარისხის პროდუქტის წარმოებისა და მოხმარებისთვის, საჭიროა სურსათის უვნებლობის სტანდარტების დანერგვა. ENPARD IV პროგრამის ფარგლებში, ევროკავშირისა და შვედეთის მხარდაჭერით, FAO აგრძელებს მწარმოებლებისთვის ცოდნის გაზიარებას, რომ მათ შეძლონ ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც მომხმარებლისთვის, ასევე აკვაკულტურის პროდუქტის საექსპორტო შესაძლებლობების გაჩენისთვის,“ ამბობს FAO-ს პროგრამის კოორდინატორი ხავიერ სანს ალვარესი.

„ნამდვილად, სურსათის უვნებლობის სტანდარტების გაუმჯობესება ყველას საქმეა და FAO-თან პარტნიორობით, ამ პროცესში ევროკავშირიც ჩართულია სამთავრობო ინსტიტუციებისა და კერძო სექტორის მხარდაჭერის კუთხით. მაღალი კვალიფიკაციის მქონე სურსათის უვნებლობის საერთაშორისო ექსპერტების მეშვეობით, რომლებიც სურსათის უვნებლობის განვითარებული პრაქტიკების მქონე სასურსათო სისტემებში მუშაობენ, სახელმწიფო ორგანოებსა და კერძო სექტორს ცოდნისა და უნარების გაღრმავების მნიშვნელოვნად გაუმჯობესების საშუალება ეძლევათ,“ ამბობს ქეთევან ხუციშვილი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის საგანგებო სიტუაციების მართვის, სამოქალაქო დაცვის, სოფლის განვითარებისა და ინტელექტუალური საკუთრების პროგრამების მენეჯერი.

2023 წლის აგვისტოდან, ევროკავშირის ENPARD IV პროგრამის ფარგლებში, 60 ქართველი ექსპერტი დატრენინგდა სურსათის უვნებლობაზე აკვაკულტურაში კერძო და საჯარო სექტორებიდან.

___

ევროკავშირი, ENPARD პროგრამის ფარგლებში, მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში. სოფლად ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებისა და საქართველოში სიღარიბის შემცირების მიზნით,  ENPARD პროგრამა, 2013 წლიდან ხორციელდება. პროგრამა, საწყის ეტაპზე, მხარს უჭერდა სოფლის მეურნეობის პოტენციალის განვითარებას ქვეყანაში. მომდევნო ეტაპზე, პროგრამა ასევე კონცენტრირდა, სოფლის მეურნეობაში, სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის, ეკონომიკური შესაძლებლობების გაჩენის ხელშეწყობაზე. 2021 წლიდან, პროგრამა ქვეყნის მხარდაჭერას, სურსათის უვნებლობის გაუმჯობესების კუთხითაც ახორციელებს, შვედეთის ფინანსური მხარდაჭერითაც, ENPARD IV-ის, სურსათის უვნებლობის კომპონენტის მთავარ განმახორციელებელ ორგანიზაციებთან, FAO-სა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოსთან ერთად.