FAO საქართველოში

ფუტკრის ხელოვნური განაყოფიერება და სკების იდენტიფიკაცია - სემინარი მეფუტკრეებისთვის

11/06/2024

გაეროს სურსათისა და სოფლის მურნეობის ორგანიზაციის (FAO-ს) ტექნიკური მხარდაჭერით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხოველთა ეროვნული იდენტიფიკაცია-რეგისტარციისა და მიკვლევადობის სისტემის (NAITS) ფარგლებში, 2024 წლის მაისში ჩატარდა სემინარი დედა ფუტკრის ხელოვნური განაყოფიერებისა და ფუტკრის სკების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის შესახებ.

სემინარი ფ. ბენტონის მეფუტკრეობის საერთაშორისო ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა.  შეხვედრის ფარგლებში განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა:  მეფუტკრეობაში სამომშენებლო საქმიანობისა და ხელოვნური განაყოფიერების პროცესი, ფუტკრის სკების რეგისტრაცია-იდენტიფიკაცია NAITS-ში და სკების რეგისტრაციის პრაქტიკა ევროკავშირის ქვეყნებში, მეფუტკრეობის თანამედროვე მეთოდები, პრობლემები და ტენდენციები. სემინარს უძღვებოდნენ პროფესორები ჯეიკობ ვეგენერი და ირაკლი ჯანაშია და FAO-ს პროექტის მენეჯერი, მიხეილ სოხაძე.

შეხვედრაში ფერმერებთან ერთად მონაწილეობდნენ სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და მუხურის სახელმწიფო სანაშენე დაწესებულების წარმომადგენლები. სემინარმა ხელი შეუწყო ახალ თანამშრომლობებს ადგილობრივ მეფუტკრეებს, საერთაშორისო ექსპერტებსა და სხვადასხვა ინსტიტუციას შორის.

ფუტკრის სელექცია და ხელოვნური განაყოფიერება საქართველოში შედარებით ახალი გამოცდილებაა. ამ კუთხით სპეციალისტების არარსებობის გამო, ის ნაკლებად გამოიყენებოდა, თუმცა, ბოლო წლებში, ფუტკრის ოჯახების სიკვდილის მზარდი ტენდენციის შემდეგ უფრო აქტუალური გახდა.  

დღევანდელ მსოფლიოში, კლიმატის ცვლილების პირობებში, ფუტკრების ადაპტირება მდგრადი მეფუტკრეობისა და მცენარეთა დამტვერვისთვის აუცილებელია, ეს კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სურსათის უსაფრთხოებისთვის. დედა ფუტკრის ხელოვნური განაყოფიერება ეფექტური ტექნოლოგიაა, რომელიც ფერმერებს ფუტკრის შერჩევის საშუალებას აძლევს.