FAO საქართველოში

ფერმერთა საველე სკოლები რძის პროდუქტების მწარმოებლების მხარდასაჭერად

09/08/2024

2023 წლის ივლისიდან, აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) დააფუძნა ხუთი საველე სკოლა ფერმერებისთვის ქვეშეთში, არახვეთში, ბედონში, ბენიან-ბეგონსა და ჯაღმიანში.

საველე სკოლები, რომელთა სამიზნე ჯგუფს ძირითადად რძის მწარმოებელი ქალები წარმოადგენენ, მიზნად ისახავს დაეხმაროს ფერმერებს მაღალი ხარისხისა და უსაფრთხო რძისა და რძის პროდუქტების წარმოებაში, რძის შემადგენლობის, ლაქტაციის, ხსენის, წველის ინტერვალების, რძის ჰიგიენური დამუშავებისა და გადამუშავების და წველის ეტაპებისა და პროცედურების შესახებ სათანადო ინფორმირებით.  FAO-ს წარმომადგენლებმა, მათ შორის ვეტერინარებმა, ჩაატარეს თეორიული და პრაქტიკული სესიები რძის პროდუქტების მწარმოებლებისთვის ჰიგიენური პირობების გაუმჯობესების, ძირითადი ზოონოზური დაავადებების გამოვლენისა და მკურნალობის, გარე და შიდა პარაზიტებისა და სურსათის უვნებლობის კანონმდებლობის შესახებ. სესიებს სულ 65-ზე მეტი მონაწილე დაესწრო.

გარდა ამისა, მსმენელებმა ისწავლეს, როგორ გამოიყენონ კალიფორნიის მასტიტის ტესტის (CMT) კომპლექტები ფარული მასტიტის  შემთხვევების გამოსავლენად, რაც ყველაზე ხშირად გავრცელებული დაავადება რძის ფერმებში. მათ ასევე მიიღეს CMT კომპლექტები და თერმომეტრები რძის ტემპერატურის გასაზომად. სახლის პირობებში ფარული მასტიტის დიაგნოსტიკა უზრუნველყოფს ნედლი რძის ხარისხის კონტროლს.

ჰიგიენური პირობების გასაუმჯობესებლად და მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში დაავადებების გავრცელების შესამცირებლად, რძის ფერმერებმა მიიღეს ჩანაწერების შესანახი შაბლონები და ცხოველთა მოვლისთვის საჭირო ნივთები - წველის შემდგომი სადეზინფექციო საშუალებები, მრავალჯერადი საწმენდი ტილოები და  ჭიქები.

საქართველოში, როგორც წესი, „იმერულ ყველს“ აწარმოებენ, ამიტომ ყველის სხვადასხვა სახეობის დამზადების შესახებ ტრენინგი ფერმერებისთვის ძალიან შთამაგონებელი და სასარგებლო იყო. მაგალითად, ბოლო ტრენინგი, რომელიც 7 აგვისტოს ჯაღმიანის საველე სკოლაში ჩატარდა, იყო გრილზე შემწვარი ყველის წარმოების ტექნოლოგიის შესახებ. სესია ითვალისწინებდა სურსათის უვნებლობის ზომების დაცვას და იყო ადაპტირებული საყოფაცხოვრებო დონეზე ყველის მარტივი მომზადებისთვის.  თეორიული და პრაქტიკული სესიების შემდეგ მონაწილეებმა მიიღეს სპეციალური სათლები პირველადი ჩამონაწველისთვის, მაღალი ხარისხის ფერმენტი, ხელთათმანები, თავსაფრები და სხვადასხვა სახის ყველის ფორმები.