FAO საქართველოში

საქართველოს შესახებ

საქართველო ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარეობს. შავი ზღვის აღმოსავლეთით მდებარე ქვეყანას სამხრეთით თურქეთი და სომხეთი ესაზღვრებიან, აღმოსავლეთით - აზერბაიჯანი, ჩრდილოეთით კი, კავკასიონის მთებს მიღმა - რუსეთი. დედაქალაქი და ყველაზე მსხვილი ქალაქი არის თბილისი. საქართველოს საერთო ტერიტორია მოიცავს 69 700 კვადრატულ კილომეტრს.

საქართველოს მოსახლეობა 3 729,5 ათას ადამიანს (2015 წლის იანვრის მდგომარეობით) შეადგენს. ოფიციალური ენა ქართულია. მსოფლიოში სულ რაღაც 14 უნიკალური ანბანია და ქართული მათ შორისაა. საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა (83,9% 2002 წელს) მართლმადიდებლური ქრისტიანობის მიმდევარია. ქვეყანა არის უნიტარული ნახევრად-საპრეზიდენტო რესპუბლიკა. საქართველოს ვალუტას ქართული ლარი (GEL) წარმოადგენს.

საქართველო მდიდარია სასოფლო-სამეურნეო ტრადიციებით, რაც მისი ისტორიის, მენტალიტეტისა და კულტურული მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილია. სოფლის მეურნეობამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქართული სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებაში და დიდი წვლილი შეიტანა მის ეკონომიკურ განვითარებაში.

საქართველოს აქვს ხელსაყრელი კლიმატური და ბუნებრივი პირობები, რაც ხელს უწყობს სოფლის მეურნეობის განვითარებას. საქართველოს მთლიანი ტერიტორიის 43,4% (3 მილიონ ჰექტარზე მეტი) განსაზღვრულია, როგორც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, რომელიც ასევე მოიცავს საძოვრებსა და სათიბებს. ტერიტორიის 43% ტყითაა დაფარული.

საქართველო გამოირჩევა ეკოლოგიური და კლიმატური ზონების მრავალფეროვნებით, რომლებიც ხელსაყრელია სხვადასხვა კულტურების მოსაყვანად. მათ რიცხვში შედის მარცვლეული, ადრეული და გვიანი ბოსტნეული, ბაღჩეული კულტურები,  კარტოფილი, ტექნიკური კულტურები, ყურძენი, სუბტროპიკული კულტურები, ხილის ჯიშები და ა.შ. საქართველო ერთერთი უძველესი ღვინის მწარმოებელი რეგიონია მსოფლიოში. მრავალი არქეოლოგის აზრით, სამხრეთ კავკასიის ნაყოფიერი ხეობები, რომლებზეც განფენილია საქართველო, 8000 წლის წინ მსოფლიოში პირველი კულტივირებული ვაზისა და ნეოლითური მეღვინეობის აკვანს წარმოადგენდა.

კლიმატური ზონების თვალსაზრისით, ქართული ბიოსფერო მრავალფეროვანია. საქართველოში 12 სხვადასხვა ზონა და 49 ტიპის ნიადაგია. მრავალი ენდემური სახეობა ქმნის შესანიშნავ წყაროს მემცენარეობისა და მესაქონლეობის განვითარებისათვის. ქვეყანა მდიდარია სამელიორაციო და სასმელი წყლის რესურსებით.

საქართველოს ახასიათებს სიმაღლისმიერი (ვერტიკალური) ზონალობა. სახნავი მიწის მხოლოდ 39% მდებარეობს ზღვის დონიდან 500 მეტრამდე სიმაღლეზე, 29% - ზღვის დონიდან 500-1000 მეტრზე, 21% - 1000-1500 მეტრის სიმაღლეზე, ხოლო 11% - ზღვის დონიდან 1500 მეტრის სიმაღლეზე.

სოფლის მეურნეობის თვალსაზრისით, მრავალფეროვნებას თან ახლავს სირთულეები, როგორიცაა ტემპერატურის ცვალებადობა, აქტიური ეროზია და გადაჭარბებული ნალექიანობა ზოგიერთ რეგიონში. საქართველოში მომხდარი ბუნებრივი კატასტროფები (მიწისძვრები, წყალდიდობები, მეწყრები, ღვარცოფები, აბრაზიული ჩამორეცხვები, ზვავები, სეტყვა, თავსხმა წვიმები, გვალვები და ა.შ.) აზიანებს სასოფლო-სამეურნეო წარმოებას და შედეგად -  ქვეყნის ეკონომიკასაც.

სოფლის მეურნეობაზე ჯერ კიდევ ქვეყნის მუშახელის 52% მოდის, ამასთან, ფერმერთა 98% თვითდასაქმებულად ითვლება. სოფლის მეურნეობის სექტორში ამჟამად არსებული მდგომარეობა მნიშვნელოვან გალვენას ახდენს სიღარიბის მაჩვენებლებზე. საქსტატის მონაცემებით, სოფლის მეურნეობაში დასაქმებული მუშახელის საშუალო წლიურმა ხელფასმა შეადგინა ქვეყნის საშუალო მაჩვენებლის მხოლოდ 64% (2013). აღსანიშნავია, რომ სოფლის მოსახლეობას არ გააჩნია დასაქმების ბევრი ალტერნატიული შესაძლებლობა.

ბოლო წლებში სასოფლო-სამეურნეო სექტორში დაქირავებული სამუშაოებიდან მიღებული შემოსავალი იზრდება, მაგრამ მათი მოცულობა ჯერ კიდევ მცირეა, მაშინ როდესაც სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი 2014 წლის მთლიანი შემოსავლის მხოლოდ 11,6%-ს შეადგენდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სასოფლო-სამეურნეო წარმოება საქართველოში მეტწილად საკუთარ მოხმარებაზეა ორიენტირებული. თუმცა, საქართველოს გააჩნია აუთვისებელი სასოფლო-სამეურნეო პოტენციალი.  

საქართველოს სოფლის მეურნეობა ქვეყნის მთავრობის პრიორიტეტული სექტორების ჩამონათვალში ერთ-ერთ უპირველეს ადგილს იკავებს, გათვალისწინებულია რა მისი სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური მნიშვნელობა. მთავრობის მცდელობებს, გამოაცოცხლოს ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო სექტორი სახელმწიფო ბიუჯეტიდან სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის გაზრდილი ასიგნებების გამოყოფის გზით, ასევე კარგად უწყობს ხელს ქვეყნის გარედან შემოსული დახმარება.

საქართველო არის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი და ის ფლობს ყველაზე მაღალი კეთილგანწყობის რეჟიმით მოსარგებლე ქვეყნის (MFN) სტატუსს წევრ ქვეყნებს შორის. საქართველოს დადებული აქვს GSP (მსოფლიო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პოლიტიკის) შეთანხმებები შეერთებულ შტატებთან, კანადასთან, შვეიცარიასთან, ნორვეგიასთან და იაპონიასთან. საქართველოს გაფორმებული აქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება თურქეთთან და უკრაინასთან და აქვს შეღავათიანი დაშვება ყოფილი საბჭოთა კავშირის უმეტეს ქვეყნებში. საქართველოს ასევე გაფორმებული აქვს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) ევროკავშირთან, რაც გულისხმობს, რომ საქართველოდან ექსპორტირებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია თავისუფლად მოხვდება ევროკავშირის ბაზარზე.