FAO საქართველოში

ახალი პროექტი ინკლუზიური სოფლის განვითარებისა და მდგრადი სოფლის მეურნეობის შესახებ საქართველოში ქალებისა და ახალგაზრდების მხარდასაჭერად

26/04/2024

25 აპრილს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ და FAO-ს წარმომადგენელმა საქართველოში, რაიმუნდ იელემ ხელი მოაწერეს შეთანხმებას პროექტის ინკლუზიური სოფლის განვითარება და მდგრადი სოფლის მეურნეობა განხორციელების შესახებ, რომლის მიზანია სოფლის მეურნეობის სექტორში გაზრდილი კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობა, სურსათის წარმოების გაძლიერება და ამავდროულად, სოფლად სიღარიბის შემსუბუქება, განსაკუთრებული აქცენტით უთანასწორობის შემცირებაზე. პროექტის ბიუჯეტი 4 მილიონი ევროა და ის ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება.

პროექტის სამიზნე ჯგუფს ფერმერები, ფერმერთა ასოციაციები/კოოპერატივები, სოფლად მცხოვრები შინამეურნეობები, საგანმანათლებლო დაწესებულებები, კერძო სექტორის წარმომადგენლები და საოჯახო ფერმების მფლობელები წარმოადგენენ ორი საპილოტე მუნიციპალიტეტიდან, რომლებსაც FAO საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, ADC-სთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების გზით პროექტის საწყის ეტაპზე შეარჩევს.

პროექტი, რომელსაც ხელი დღეს მოვაწერეთ, გულისხმობს გენდერულად მგრძნობიარე და სოციალურად ინკლუზიური სოფლის განვითარების პოლიტიკის ეფექტურობის გაზრდის მიზნით, მუდმივი დიალოგის დამყარებას შესაბამის დარგობრივ სამინისტროებთან, განსაკუთრებული აქცენტით ქალებსა და ახალგაზრდებზე, - განაცხადა რაიმუნდ იელემ, - ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ამ ორი სოციალური ჯგუფის მობილიზება და გაძლიერება ხელს შეუწყობს ახალი იდეებისა და ინოვაციური მიდგომების შემოტანას ქვეყნის სოფლის განვითარებისთვის. ასევე,განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა პროექტში სხვა შესაძლო მოწყვლადი ჯგუფების ჩართვას, როგორებიცაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, უხუცესები და უმცირესობები." 

პროექტი ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების ტექნიკური მხარდაჭერით ოთხი წლის განმავლობაში გაგრძელდება. მისი განხორციელების შედეგად საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მუნიციპალურ მთავრობებს გადაეცემა გენდერულად მგრძნობიარე და სოციალურად ინკლუზიური სოფლის განვითარების შესახებ პოლიტიკის ფორმირებასთან დაკავშირებული რჩევები; შერჩეულ მუნიციპალიტეტებში გაიზრდება  ფერმერების, მწარმოებელთა ჯგუფების, ახალგაზრდების, ქალების, აგრეთვე მდგრად სასურსათო სისტემებთან დაკავშირებული მომსახურების მიმწოდებლების შესაძლებლობები და ამაღლდება მოსახლეობის ცნობიერება სოფლის განვითარების საკითხებზე.